ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: “რუსეთის ყველა აგენტი და ჯაშუში დაკავებული არ არის”

7 ივლისი, 2011 • 1349
ვანო მერაბიშვილი: “რუსეთის ყველა აგენტი და ჯაშუში დაკავებული არ არის”

“დიახ, მე პირადად ვადევნებ თვალყურს და ვიძიებ ტერორისტებსა და ჯაშუშებს. მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ამ საქმეებს. მინდა ვთქვა, რომ რუსეთის ყველა აგენტი და ჯაშუში დაკავებული არ არის, რადგან რამდენიმე მათგანი კიდევ დარჩა, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით და ვაგრძელებთ დაკვირვებას მათზე, მათ გეგმებზე, ქმედებებზე. მე კმაყოფილი ვარ ჩვენი კონტრდაზვერვის მუშაობით”, – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილმა თავისი და მისი უწყების “ამ დაკვირვების” მორიგი შედეგების პრეზენტაცია ამ ინტერვიუს მიცემიდან რამდენიმე საათში მოახდინა: ამჯერად ჯაშუშობის ბრალდენით ქართველი ფოტოგრაფები არიან დაკავებულები, თუმცა თავად შსს–ს ამ ფაქტზე რაიმე განცხადება ჯრ არ გაუვრცელებია.

ვანო მერაბიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ჯაშუშების საქმეებზე საქართველოში:

“საგრძნობ წარმატებას ჩვენ მივაღწიეთ შარშან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავნერგეთ ჩვენი აგენტი. როდესაც ჩვენი ადამიანი ჩანერგილი იქნა ГРУ–ში, ამ ადამიანის დახმარებით, ჩვენ შევძელით არა მხოლოდ სამოქმედო სქემის მოპოვება, არამედ კოდებისა და შიფრების, იმ ფაილების გასახსნელად, რომელიც გადაიცემოდა. და ამ ტექნოლოგიებმა ჩვენ გაგვიადვილა, გაგვესხნა და გაგვეშიფრა ძალიან დიდი ქსელი, რომელიც მოქმედებდა”,  – განაცხადა მერაბიშვილმა.

შს მინისტრმა ქართული სპეცსამსახურების მიერ “ჯაშუშურ საქმეებში” მიღწეული წარმატების სხვა ფორმულებზეც ისაუბრა:

“საქმე იმაშია, რომ რუსეთი შეეჩვია, რომ ყოფილი დსთ – ეს მათი ტერიტორიაა, რომ აქ მათ თავისუფლად და დაუსჯელად შეუძლიათ იმოქმედონ, რომ ისინი ყველაფერს აკონტროლებენ, ყველანაირი ინფორმაცია აქვთ. და ისინი, სიმართლე გითხრათ, ძალიან არასერიოზულად ეკიდებოდნენ ქართულ სპეცსამსახურებს, ისინი არასდროს მოელოდნენ, არ ფიქრობდნენ, რომ ქართული სპეცსამსახურები, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ტექნიკურად, პროფესიონალურად შეძლებდნენ მათთვის ინფორმაციის მიწოდების არხების გამოაშკარავებასა და გადაკეტვას.

რეალურად ჩვნ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ რუსული დაზვერვა და რუსული გავლენა საქართველოში მინიმალურია… რამდენი რესურსი ჰქონდათ მათ, რამდენი აგენტი, ინფორმატორი, მაგრამ ზოგიერთი ღონისძიება, რაც გაატარეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა და არა მხოლოდ სპეცსამსახურებმა, მათ შორის პიარმაც, რუსეთის დაზვერვის ძველ თანამშრომლებს მიეცათ საშუალება, ნებაყოფლობით ეთანამშრომლათ ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან, – ამან მოგვცა საშუალება, შეგვეგროვებინა საკმარისი ინფორმაცია, რათა დაეკეტა საქართველოს იმ არხების 90%, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი