ახალი ამბები

პროკურატურა ფოტოგრაფების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

7 ივლისი, 2011 • 1091
პროკურატურა  ფოტოგრაფების დაკავების შესახებ  ინფორმაციას არ ფლობს

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა,  ხათუნა იოსავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  ინფორმაციას არ ფლობს დღეს თბილისში დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ.

ამ დრომდე შეუძლებელია კომენტარის მოპოვება შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან.

დღეს დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფ გია აბდალაძის მეუღლემ “ინტერპრესსნიუსს”  განუცხადა, რომ  გია აბდალაძეს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება.

მისივე ინფორმაციით, პოლიციელები გია აბდალაძის დასაკავებლად დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მივიდნენ.

“ყველას გვეძინა, ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები, რომ არსად დაგვერეკა. მოწმედ მეზობელი შემოვიყვანეთ. გაჩხრიკეს ყველა ოთახი, წაიღეს კომპიუტერები – მამაჩემის ლეპტოპი და ბავშვის კომპიუტერი, ასევე, ოჯახის წევრების ყველა მობილური, ყველა კომპაქტდისკი – მუსიკალური თუ სხვა, ასევე “ფლეშკა” და გიას აპარატურა”, – განაცხადა ნეიძემ.

დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო სააგენტოს ფოტოგრაფები –ევროპის პრეს ფოტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე,  და”ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი.

გია აბდალაძისათვის წაყენებული 314 –ე მუხლი ჯაშუშობის ბრალდებაა, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.

ამ მუხლით დანაშაული ჩადენილი  ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას  რვიდან თორმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი