ახალი ამბები

ეჩმიაძინი სააკაშვილს შემხვედრი ნაბიჯისთვის მადლობას უხდის

7 ივლისი, 2011 • 1656
ეჩმიაძინი სააკაშვილს შემხვედრი ნაბიჯისთვის მადლობას უხდის

„სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წმინდა ეჩმიაძინი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სომხეთის ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმ შემხვედრი ნაბიჯისთვის, რომელიც მან ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგა“. –განაცხადა ეჩმიაძინის პრესმდივანმა ვაგრამ მელიქიანმა www.news.am- თან საუბარში.

მელიქიანის განაცხადით, აღნიშნული გადაწყვეტილება  იმ შეთანხმების შედეგია, რომელიც სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინის საქართველოსი ვიზიტს მოჰყვა.

„ვიზიტის ფარგლებში გარეგინ მეორე და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმდნენ ეტაპობრივად გადაჭრან ის საკითხები, რომლებიც საქართველოს ეპარქიისა და საქართველოში სომხური სათვისტომოს წინაშე დგას. პირველ ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო სომხური ეკლესიების იურიდიული სტატუსი საქართველოში. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებულ რამდენიმე რელიგიურ გაერთიანებას იურიდიული სტატუსი მიენიჭება“, –განაცხადა მელიქიანმა.

რაც შეეხება საქართვლეოს პატრიარქის, ილია მეორის შეფასებას კანონპროექტთან დაკავიშრებით, www.news.am-თან მიცემულ ინტერვიუში მელიქიანმა  აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქის მღელვარება, მისი აზრით, სხვადასხვა რელიგიურ სექტებში, მიმდინარეობებში და გაერთიანებშია და არა ტრადიციული რელიგიებისთვის იურიდიულ სტატუსის მინიჭებაში.

კითხვაზე, იქნება თუ არა სომხური ეკლესიების დაბრუნება შემდგომი ნაბიჯი, მელიქინმა უპასუხა, რომ „შემდეგი ნაბიჯი გულისხმობს საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების დაბრუნებას, რათა ეპარქიამ შეძლოს სრულყოფილად ემსახუროს საქართველოში მცხოვრებ სომეხ ხალხს. ამ ეტაპზე საქმე ექვს ეკლესიას შეეხება“,–განაცხადა მელიქიანმა.

შემდგომ კითხვას, საკმარისია თუ არა ექვსი ეკლესია საქართველოს სომეხი მოსახლეობისთვის, მან უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით საკმარისია.

„ამ ეკლესიების კეთილმოწყობის ვალდებულება არა მხოლოდ სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებაზეც იქნება. რაც შეეხება სხვა სომხურ ეკლესიებს საქართველოში, საქართველოს ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ამ ეკლესიებს არაფერი დაემუქრება და სომხური წარწერებიც მათზე არ წაიშლება“, –თქვა მელიქიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი