ახალი ამბები

ვეტოს მომხრენი და მოწინააღმდეგენი

6 ივლისი, 2011 • 1127
ვეტოს მომხრენი და მოწინააღმდეგენი

ამ წუთებში დასრულდა საპროტესტო აქცია ქაშუეთის ეკლესიასთან, რომელშიც 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორმა – “საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ” აქციის ბოლოს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ დაედოს ვეტო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში, რომლითაც საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი შეიცვალა. მიმართვის ავტორები მოითხოვენ, რომ ვეტოს დადება განხორციელდეს არაუგვიანეს 2011 წლის 15 ივლისისა. ვეტოს გამოყენებისკენ საქართველოს პრეზიდენტს დღეს დილით “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც მოუწოდა.

ამას გარდა, აქციის მონაწილეები, რომლებიც დღეს ქაშუეთთან შეიკრიბნენ, მოითხოვენ მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას:

“ამ მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმისთვის მზადება. დარწმუნებული ვართ, მართლმადიდებლობის გამოცხადება ოფიციალურ რელიგიად იქნება მყარი გარანტი განსხვავებული აღმსარებლობის, ჩვები დების და ძმების რელიგიური მრწამსის დასაცავად”, – ნათქვამია მიმართვაში.

იგივე ინიციატივა მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების მიზნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ დღეს “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ გააჟღერა.

აქციის მონაწილეები მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ჩართვასაც მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკისა და იდეოლოგიის განსაზღვრაში, რათა მათ ოფიციალურად მიიღონ მონაწილეობა ისეთი უწყებების საქმიანობაში, როგორებიცაა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.

“შეიქმნას ერთობრლივი კომიისია, რომელიც უზრუმველყოფს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას”, – ნათქვამია მიმართვაში.

აღნიშნული მოთხოვნეის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა” 17 ივლისს რუსთაველის ძეგლთან აპირებს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შეიქმნა სპეციალური გვერდი, სახელწოდებით – “მოვუწოდებთ პრეზიდენტს, არ გამოიყენოს ვეტოს უფლება”.

“საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილელების გასაბათილებლად ოპოზიციის ნაწილი და საპატრიარქო პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება და სსიპ სტატუსის მსურველ რელიგიებს უნდა ჰქონდეთ დარეგისტრირების საშუალება”, – ასეთია აღნიშნული გვერდის შემქმნელების პოზიცია, რომელსაც ამ დროისთვის მხოლოდ 77 მომხმარებელი იზიარებს.

სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიღების პროცედურის შეჩერებას კატეგორიულად ითხოვდა საქართველოს საპატრიარქო.

მასალების გადაბეჭდვის წესი