ახალი ამბები

საიდუმლო განსახილველი საკითხი მთავრობის სხდომაზე

6 ივლისი, 2011 • • 998
საიდუმლო განსახილველი საკითხი მთავრობის სხდომაზე

5 ივლისს ჩატარებული მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 62-ე საკითხი საიდუმლო იყო. უცნობია რას შეეხებოდა საიდუმლო თემა, რომელზეც მტავრობამ იმსჯელა, რაზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაიას თქმით, ეს უკანონობაა.

როგორც თამარ კორძაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, თუ სხდომაზე  განსახილველად რაიმე ტიპის საიდუმლო საკითხია გამოტანილი, ამ შემთხვევაში საკითხის დასახელება, სათაური აუცილებლად საჯარო უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი ნაწილი – საიდუმლო. იურისტის თქმით, ამას საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

კითხვაზე, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 62-ე საკითხის დასახელება რატომ იყო გასაიდუმლოებული, მთავრობის პრესსპიკერი ლეილა ავიძბა პასუხობს, რომ ეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდა და კანონი არ დარღვეულა. ჩვენ მას ვთხოვეთ კანონის კონკრეტული მუხლის დასახელება, რომლის მიხედვითაც დასაშვებია სხდომაზე განსახილველი საკითხის სათაურის გასაიდუმლოება. პრესსპიკერმა გვირჩია, რომ ამის გასაგებად საქართველოს მთავრობისთვის წერილობით მიგვემართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი