საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში, რომლითაც საქართველოში მოქმედი რამდენიმე რელიგიურ გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩაითვლება, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია”, – ნათქვამია ილია II–ს განცხადებაში.
სამოქალაქო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით 1 ივლისს მიიღო, მეორე მოსმენას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დღევანდელ სხდომაზე გეგმავს. ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, “რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან”. კანონპროექტის ინიციატორებმა (ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი და ლაშა თორდია) ასეთებად რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი მიიჩნიეს.
“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლაპატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა.
ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით”, – აცხადებს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი და იქვე მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ “ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს”.
აღნიშნული ცვლილებების პროექტის 1 ივლისს პარლამენტშივე გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატებმა – ნიკა ლალიაშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ.
ამავე თემაზე:
უთანხმოება რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის