ახალი ამბები

სამართალდამცავები «ქართული პარტიის» ოფისში შევიდნენ

5 ივლისი, 2011 • 1166
სამართალდამცავები «ქართული პარტიის» ოფისში შევიდნენ

“ქართული პარტიის” ოფისში სამართალდამცავები 4 ივლისს, დაახლოებით 21.00 საათზე, შევიდნენ. როგორც «ნეტგაზეთს» პარტიის პრესსამსახურმა ლია კამლაძემ განუცხადა, ისინი  ირაკლი ოქრუაშვილის ბიძას ზურაბ გიგუაშვილს ეძებდნენ.

კამლაძის ინფორმაციით, სამართალდამცავებს მათთვის ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ და უთხრეს, რომ ეს იყო არა ჩხრეკა, არამედ დათვალიერება.. ამ დროს ოფისში არ იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები.

«ერთ–ერთი ოთახის გასაღები არ გვქონდა და კარი შეამტვრიეს» – აღნიშნა კამლაძემ.

პარტიის ოფისის ერთ ოთახში კარი მართლაც ძალით არის გაღებული, დაზიანებულია საკეტი. სამართალდაცავებმა «ქართული პარტიის» ოფისი დაახლოებით 40 წუთში დატოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, რაში ედება ბრალი ზურაბ გიგუაშვილს. სამართალდამცავებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

პარტიის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია «მაესტროს» პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გიგუაშვილი «თავის საქმეზე» მიდიოდა სომხეთში, თუმცა სამართალდამცავებმა არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის საშუალება.

«დღეს არ ვიცი, რა ხდებოდა, რატომ ჩათვალეს, რომ ოფისში უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი».

მასალების გადაბეჭდვის წესი