ახალი ამბები

ქართული პარტია: დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით

4 ივლისი, 2011 • • 1849
ქართული პარტია: დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით

”ქართული პარტიის”  მიერ შემუშავებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოითხოვენ ”პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების წამების დაუყოვნებლივ შეწყვეტას» , ხელი 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. ოპოზიციური პარტიების მიმართვას წინ უსწრებდა სამართალდამცველთა მიერ რამდენიმე კვირის წინ ”ქართული პარტიის” 20-ზე მეტი აქტივისტის დაკავება.

”ქართული პარტიის” მონაცემებით, სამართალდამცველებს ამ დროისათვის დაკავებული ჰყავთ პარტიასთან დაკავშირებული 26 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ან ხელმძღვანელობა, ანდა მასში მონაწილეობა.

დაკავებულთა ნაწილს ბრალი ასევე წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის,  საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. გამოძიების ინფრომაციით, დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო იარაღები.

”ქართული პარტია” გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ თანხმება. მათი თქმით, სამართალდამცავთა ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია, ამოღებული იარაღი კი თავად პოლიციელებმა მიიტანეს დაკავებულთა სახლებში.

ამის დასატურებლად ”ქართული პარტიის” პრესსამსახურმა დაკავებულთა ოჯახების მონათხრობი ბეჭდური სახით გაავრცელა. ნეტგაზეთი რამდენიმე მათგანთან დკაავშირებას შეეცადა, თუმცა, პრესსამსახურის ცნობით, მათ ნაწილს პრესასთან ურთიერთობა არ სურთ.

თეიმურაზ ელყანიშვილი – პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლი;

ბესიკ ბერიტაშვილი – ”ქართული პარტიის” ოფისის მძღოლი;

ლერი ბერიტაშვილი – ”ქართული პარტიის” წევრი;

გოჩა ჩიხლაძე – ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მძღოლი;

თამაზ ოდიაშვილი – სოფელ ტყვიავის მკვიდრი;

გოჩა ლიჩელი – ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი;

ზურაბ ლიჩელი – გოჩა ლიჩელის ძმა;

ნუკრი დათებაშვილი – სოფელ ტყვიავის მკვიდრი;

თამაზ ბერიაშვილი – ქიბარ ხალვაშის ყოფილი თანამშრომელი;

ძმები შოთა და ჯიმშერ ჩიხლაძეები სოფელ ტყვიავიდან;

ხვიჩა მაჭარაშვილი, გიორგი საათაშვილი, დავით შიუკაშშვილი;

კახაბერ ტერაშვილი – ”ქართული პარტიის” წევრი;

ლევან ტერაშვილი – თავდაცვის სამინისტროს აპარატის ყოფილი უფროსი;

დავით ჯარმელაშვილი – ქართული პარტიის წევრი;

ბონდო კაკაშვილი, თამაზ ოდიაშვილი, თეიმურაზ ელყანაშვილი, ელგუჯა გურაბანიძე, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ნოდარ აბუსერიძე, დავით ასათიანი, ივანე იოსელიანი და ვინმე მახარაშვილი.

”ქართული პარტიის” ცნობით, ამ ადამიანთა ნაწილს პარტიასთან არანაირი კავშიირ არა აქვს, გარდა იმისა, რომ ისინი აღიარებით ჩვენებებში საუბრობენ შეიარაღების შესყიდვასა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაზე.

სოზარ სუბარმა დღესვე განაცხადა, რომ დაკავებულებს სამართალდამცავები აწამებენ, რის გამოც პარტიის ოთხმა წევრმა უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე, მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ ისინი წამების შესახებ უყვებოდნენ იურისტებს. სუბარის თქმით, ეს ადამიანები დააშინეს და აწამეს, რის გამოც დუმილს ამჯობინებენ. თუმცა, ”ქართული პარტიის” ლიდერმა ამ ოთხი დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა, მოტივად კი ”მათივე უსაფრთხოება” დაასახელა.

ქართულ პარტიაში ამბობენ, რომ დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ ინფრომაციის მიღება ადვოკატებს უჭირდათ, ამიტომ მათ   დახმარებისთვის საქართველოს სახალხო დამცველს მიმართეს, რის შემდეგაც დაკავებულები ომბუდსმენის წარმომადგენლება მოინახულეს. ომბუდსმენის პრესსამსახური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენას დაგვპირდა. მიღებისთანავე ნეტგაზეთი ამ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი