თბილისში აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. დამოუკიდებლობის 235-ე წლისთავი საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელებმა და მათმა მეგობრემა ტრადიციულად იზეიმეს. ღონისძიებაზე, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით მოეწყო, საელჩოს ეზოში შეკრებილ სტუმრებს სტეიკებითა და ჰამბურგერებით გაუმასპინძლდნენ. შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ოჯახური წარმოების ლუდიც, რომელიც შტატებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოიტანეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს საქართველოში მცხოვრები სულ 1000-მდე ამერიკის მოქალაქე დაესწრო. ყველა მათგანმა, დღესასწაულზე მოსახვედრად, სპეციალური ბილეთი შეიძინა. შეგროვილი თანხა კი საელჩოს ფონდში ჩაირიცხება და საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.