ახალი ამბები

ყველაზე შეიარაღებული პარლამენტარი

30 ივნისი, 2011 •
ყველაზე შეიარაღებული პარლამენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი როლანდ კემულარია ყველაზე შეიარაღებული დეპუტატია საქართველოში. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, კემულარიას კოლექციაში 16 ცეცხლსასროლი იარაღი ინახება.

დეკლარაციების მიხედვით, დეპუტატმა შეიარაღების შეგროვება 2009 წელს დაიწყო. ამ დროს მას სხვადასხვა პირების მიერ ნაჩუქარი ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. 3500 აშშ დოლარად ღირებული სანადირო თოფი “ფრენჩი” როლანდ კემულარიამ  საჩუქრად დისშვილისგან მიიღო. პარლამენტარს კიდევ ერთი სანადირო თოფი “მერკერი” ბიძაშვილმა აჩუქა, იარაღის ღირებულება კი 3000 აშშ დოლარია. 1500 დოლარად ღირებული პისტოლეტი “პარაბელოინი”დეპუტატმა ძმისგან მიიღო საჩუქრად, მამიდაშვილისგან – პისტოლეტი “ნაგანი”(500 $),  ხოლო დეიდაშვილისგან – პისტოლეტი “ჩეზე 75” , რომლის ღირებულებაც 1 000 $–ია.

როლანდ კემულარიას შეიარაღება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2010 წელს, თუმცა ბოლო დეკლარაციაში, რომელიც მან 2011 წელს შეავსო, დაზუსტებული არ არის, დამატებითი ცხრა ცეცხლსასროლი იარაღიც ახლობლებმა აჩუქეს, თუ თავად შეიძინა. ამის გასარკვევად მას დღის მანძილზე ვუკავშირდებოდით, თუმცა, უშედეგოდ.

ამჟამად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფლობს 16 ცეცხლსასროლ იარაღს:

სანადირო თოფები: “მერკერი”,  “ვინჩესტერი”, “ტოს 39”, “ბერგერი”,  “ჩიფსანი”, “ფრენჩი”.

პისტოლეტები:  “ტეტე”,  “ვალტერი”, “პესეემი”,  “ჰაიმ პაუერი”,  “პარაბელიუმი”,  “მაუზერი”,  “ჩეზე 75, “პარაბელაინი”, “ნაგანი”.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, კოტე კემულარიას ძმა როლანდ კემულარია პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიით მოხვდა როგორც მეექვსე, ისე მეშვიდე მოწვევის პარლამენტში. ის საკანონმდებლო ორგანოში  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატების” წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

ბიოგრაფიის მიხედვით, როლანდ კემულარია ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მეთოდისტი, აგრონომია. მან პროფესიული მოღვაწეობა ხობის რაიკომის ინსტრუქტორის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო. სხვადასხვა დროს  მუშაობდა ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ, ასევე, ხიბულის ჩაის საბჭოთა მეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივნად, ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად და ა.შ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წელს, ამჟამინდელი პარლამენტარი კომერციული კომპანია “ჩელას” პრეზიდენტი ხდება, 2004 წელს კი სააქციო საზოგადოება “კემულარიების” გენერალური დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი