ახალი ამბებისაზოგადოება

ინგა გრიგოლია: ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ

14 მარტი, 2016 • 3453
ინგა გრიგოლია: ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკუთარი გადაცემის განხსნისას გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს, რომელსაც ახლდა წარწერა, სადაც გრიგოლიას და რამდენიმე პოლიტიკოსს ემუქრებოდნენ მსგავსი კადრების გამოქვეყნებით.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ შანტაჟით ვერ გააჩუმებენ:

“გამარჯობა, ჩემო მეგობრებო, გამარჯობა, ჩემო მაყურებელო, ვინც იცით და ვინც ჯერ კიდევ არ იცით, დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომლითაც სხვებთან ერთად ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროვებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო ათწლეულზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ, გრიგოლია – ქალი, დედა, შვილი და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა. ეს გამოუძიებელი საქმე აქამდე გამოუძიებელი ამ დრომდე იდო სოდში და  ამაზე პირდაპირ ეთერში არასდროს არ მისაუბრია. ახლა კი გადავწყვიტე, სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ,”- განაცხადა გრიგოლიამ.

 Youtube-ს მეშვეობით 14 მარტს გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი