ახალი ამბები

საჩივარი “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “იმედის” წინააღმდეგ

29 ივნისი, 2011 •
საჩივარი “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და “იმედის” წინააღმდეგ

„მედიის განვითარების ფონდი“ საჩივრით მიმართავს ტელეკომპანიების– “იმედისა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თვითრეგულირების ორგანოებს მედია-სტანდარტების, კერძოდ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო.

„მედიის განვითარების ფონდს“ მიაჩნია, რომ 28 ივნისს ტელეკომპანია „იმედმა“, მოზარდი გოგონას გაუპატიურების ფაქტის გაშუქებისას,  დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლი;  როგორც მაუწყებელთა კოდექსის 44-ე მუხლის, ასევე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქცევის კოდექსის 41.1 მუხლის დარღვევა გამოიკვეთა “საზოგადოებრივი მაუწყებლის”  მიერ იგივე თემის გაშუქებისას.

28 ივნისის ტელეკომპანია „იმედის“  საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ 20– საათიან გამოშვებაში პირველი სიუჟეტი მიეძღვნა სექსუალური ძალადობის  ფაქტს.

“ტელეკომპანია „იმედმა“ მოახდინა სექსუალური ძალადობის  მსხვერპლის, 14 წლის გოგონას იდენტიფიცირება. საქმე ეხება არა მხოლოდ ირიბ იდენტიფიცირებას –  დაზარალებულის სახლის კონკრეტული მისამართის მითითებას (რაიონის, სახლისა და ბინის ნომრის ჩათვლით), და მეზობლის (არასრულწლოვნის) კომენტარის გაშვებას ეთერში, რომლის მეშვეობითაც ადვილი ამოსაცნობი იყო მსხვერპლი – არამედ, ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა პირდაპირ დაასახელა როგორც გაუპატიურების მსხვერპლის, ისე – მოძალადის (რომელიც მსხვერპლის ბაბუაა) ვინაობა.

ტელეკომპანია „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კი, 28 ივნისის 20– საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, მიუხედავად იმისა, რომ არ დაუსახელებია მსხვერპლის გვარი, მოახდინა მოძალადის (მისი ბაბუის) იდენტიფიცირება, ასევე – მცირეწლოვანი რესპონდენტის კომენტარში იდენტიფიცირებულია მსხვერპლის სახელიც.

გაუპატიურების ფაქტის გაშუქების ორივე შემთხვევაში მოხდა დაზარალებულის იდენტიფიცირება, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია და მაუწყებელთა ქცევის და საზოგადობერივი მაუწყებლის ქცევის კოდექსების დარღვევაა.

მედიის მიერ  მცირეწლოვანთა უფლებების და ქცევის კოდექსის დარღვევა არ უნდა დარჩეს საზოგადოების რეაგირების გარეშე, რათა მედიამ მეტი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინოს მსგავსი სენსიტიური თემების გაშუქებისას.

იმედს გამივთქვამთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიების თვითრეგულირების ორგანოები დროულად და ადეკვატურად განიხილავენ აღნიშნულ საჩივარს”, – ნათქვამია “მედიის განვითარების ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი