«ლეიბორისტული პარტიის» მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტის ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის თაობაზე «ქართული პარტია» შეუერთდა.
მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის შესახებ მოწოდებით ოპოზიციური პარტიებს «ლეიბორისტების» ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 23 ივნისს მიმართა და განაცხადა:
“ბევრი ჩვენი კოლეგა დიდი ხანია ითხოვს უამრავ სხვა საკითხებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას, თუმცა, არასოდეს მოუთხოვიათ მისი გადადგომა, ამიტომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით გამოჩნდება, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ თამაშობს სააკაშვილის თამაშს. თუ ეს ხელმოწერა ერთსულოვნად მოხდება, მაშინ ჩვენ მალე გამოვიტანთ სააკაშვილის თავისი კაბინეტიდან”, –განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი – საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტი პრეზიდენტის პოსტიდან მ. სააკაშვილის გადადგომის შესახებ– შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს დაეგზავნა: ”ახალი მემარჯვენეები”, “დემოკრატიული მოძრაონა ერთიანი საქართველოსთვის”, “თეთრი მოძრაობა – თეთრები”, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, “პარტია საქართველოს გზა”, “პოლიტიკური გაერთიანება – ეროვნული ფორუმი”, «საქართველოს კონსერვატიული პარტია” , “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, ”ქართული დასი”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, “ქართული პარტია”, “თავისუფალი საქართველო”. მათგან «ლეიბორისტების» მოწოდება ჯერ მხოლოდ «ქართულმა პარტიამ» გაიზიარა.
აქვე გთავაზობთ ტექტს, რომელიც «ლეიბორისტებმა» ოპოზიციურ პარტიებს ხელმოსაწერად შესთავაზა:
«საქართველოს პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტ სააკაშვილს ვუცხადებთ ეროვნულ-პოლიტიკურ იმპიჩმენტს და მოვითხოვთ მის გადადგომას პრეზიდენტის პოსტიდან, რადგან მან არაერთხელ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულობანი, გათელა კონსტიტუცია, ხელისუფლება მრავალჯერ მოიპოვა ძალადობით და მასობრივი გაყალბებით, მოსპო დემოკრატიის საფუძვლები, დაამყარა ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმი, შექმნა რეპრესიული სისტემა, პოლიტიკური პოლიციით გააუქმა ბიზნესის, მასმედიის, სასამართლოს დამოუკიდებლობა, განახორციელა ადამიანთა მასობრივი დევნა, დაპატიმრება, წამება, მკვლელობა პოლიტიკურ მოტივებით, უსასტიკესად არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს, ჩაება წინასწარ წაგებულ ომში და დაშალა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული სიმდიდრეები გაყიდა ან ხელში ჩაუგდო საკუთარ საოჯახო-პარტიულ ოლიგარქებს, გააღატაკა და სოციალური გენოციდი მოუწყო ხალხს.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს, დიქტატორისა და მის თანამზრახველთა მიმართ გამოიყენოს დადგენილი უმკაცრესი სანქციები.»
მანამდე კი, გასული წლის 12 ოქტომბერს, «ლეიბორისტულმა პარტიამ» სპეციალური საჩივარი გაუგზავნა ჰააგის ტრიბუნალს, რომის სტატუსტის ნორმათა შესაბამისად აღეძრა სისხლის სამართლის საქმე და დაეპატიმრებინა მიხეილ სააკაშვილი, რასაც ადრესატის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.





