ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის და ოპოზიციის წამომადგენლების შეხვედრა ბათუმის პრესკაფეში დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ოპოზიციის რიგებიდან: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და კახა შარტავა ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც.
,,მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა შედგა კონგრესმენებთან. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი გადატანილი იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩვენ დეტალებში ავუხსენით, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რა პერსპექტივები არსებობდა და რა პერსპექტივები დაიბლოკა ხელისუფლების ულტიმატუმის გამო. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს შეთანხმებებით და საქართველოში იყოს კონკურენტუნარიანი გარემო არჩევნების ჩასატარებლად, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნეტგაზეთის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეხვედრა თქვენთვის საშუალება იმისა, რომ მოლაპაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს ხელისუფლება? ალასანია პასუხობს.
“ეს იყო, უბრალოდ, ამერიკული მხარის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლებიც ინტერესდებიან თემებით, პრობლემებით, რადგან ქართულ-ამერიკული სტარატეგიული ურთიერთობები დამოკიდებულია ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. ის შემოთავაზება, რომელიც ხელისუფლებამ მოიტანა, ჩვენი მხრიდან მიღებული იყო, როგორც მოლაპარაკებების დაწყების სურვილი. მაში წარმოდგენილია ისეთი ელემენტები, რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღებია. მაგრამ ძირითად საკითხებს რაც შეეხება, საარჩევნო სიებსა და სისტემას, არის მიუღებელი და ჩვენ არ დავთანხმდით ამ ულტიმატუმს. ამიტომ შევთავაზეთ მოლაპარაკებების განახლება. ახლა შემოდის მთავარი აქტორი – ქართული საზოგადოება, რომლის მასშტაბური ნების დაფიქსირებით ჩვენ შევძლებთ საარჩევნო გარემოს ცვლილებას’’.
,,რაც შეხება ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენების მხრიდან ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, ეს არის შეცდომა. დანარჩენის შეაფასებას კი საზოგადოებას მივანდობთ“, – განაცხადა ალასანიამ.
დავით უსუფაშილი: ,,ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ახალი გზების დაგებით პრობლემები ვერ გვარდება, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა არის უმძიმესი და უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ვისაუბრეთ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, ჩვენი წინადადებები ხელისუფლებამ გულდასმით უნდა წაიკითხოს და გაიზიაროს, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გვქონდა და კვლავაც გვაქვს. მე, პირადად, ვისაუბრე ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებზე, კონკრეტულად ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაზრდის თაობაზე, მაშინ, როცა ყველა ქვეყანა ადგენს იქ არსებული კონტიგენტის შემცირების გრაფიკს.
ნეტგაზეთის კითხვაზე, ამერიკელი კონგრესმენები უნდა შეხვდნენ გიგა ბოკერიას. რას ფიქრობთ, თქვენ მიერ გაგზავნილ კონკრეტულ მესიჯებს მასთან თუ განიხილავენ კონგრესმენები და რა კონკრეტული მესიჯები იქნება ეს? უსუფაშვილი პასუხობს:
,,ჩვენ ვისაუბრეთ კარგზეც, მაგალითად, ქუჩაში ავტოინსპექტორი ფულს ნაკლებად რომ იღებს, მაგრამ ცუდზეც, მაგალითად, კორუფციაზე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში’’.
შეეხო თუ არა საუბარი 26 მაისის მოვლენებს?
,,უბრალოდ, კითხვა დავსვი _ რომელი ქვეყნის პარლამენტი იტყოდა უარს ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო მოსმენების გამართვაზე და არის თუ არა მიუღებელი, რომ ქვეყნის პარლამენტი არც კი ინტერესდება, არა მხოლოდ იმით, რა ხდებოდა 26 მაისს, არამედ– რა ხდებოდა მანამდე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ მან აიცილა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მიერ დაგეგმილი დიდი უბედურება… და მერე თავად მოაწყო დიდი უბედურება 26 მაისს. როგორ შეიძლება ეს საკითხები არ მოისმინოს სხდომებზე პარლამენტმა და არ გამოიძიოს? ჩემი აზრით, ეს მათთვის მიუღებელი და გაუგებარია “, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენი ქართულ მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჩვენ მეგობრული ვიზიტი გვაქვს საქართველოში. გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტან, რომელმაც შემოგვთავაზა ტური, დაგვათვალიერებინა პროექტები, რომლებმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეხვედრა ოპოზიციასთან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, გამოსასწორებელია. აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვწამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და გვჯერა, რომ ეს ასეც მოხდება საქართველოში’’.
დღის ბოლოს ბათუმში ამერიკელი კონგრესმენების ექვსკაციანი დელეგაცია უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა.
