პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, რაზეც ხელისუფლებას ოპოზიციის ნაწილი უკვე შეუთანხმდა, კანონის შესაბამისად, ხალხმა უნდა მიიღოს რეფერენდუმის გზით, რაც ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. რეფერენდუმის გარეშე კი ასეთი გადაწყვეტილება, კონსტიტუციონალისტების თქმით, უკანონო იქნება.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ მომზადებულ წინადადებებში, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ოფიციალურად წარედგინათ შესათანხმებლად, ერთ–ერთ პირველ პუნქტად მითითებულია, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190–მდე გაიზრდება, აქედან 83 მაჟორიტარარული, 107 კი – პროპორციული სისტემით აირჩევა.

ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა, მიაჩნია, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს პარლამენტში ადგილების პროპორციულად გადანაწილებასა და არჩევნებზე მიღებული ხმებისა და პარლამენტში მოპოვებული მანდატების რაოდენობის დაახლოებას.

«პროპორციების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია», – აცხადებს «ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის» ერთ–ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი.

«ჩვენ როცა შევთავაზეთ ჩვენი წინადადება ხელისუფლებას, ვუთხარით, რომ ჩავტეულიყავით იმ 150–ში და ერთი მესამედი ყოფილიყო მაჟორიტარი და ორი მესამედი – პროპორციული. მაგრმ იყო მეორე წინადადება, რომ პატარა ოლქებსაც უნდა ჰყავდეთ მაჟორიტარები და ამიტომ ამ თანაფარდობის დარღვევა და თან 150–ში ჩატევა ვერ მოხერხდა. თუკი შედეგად მივიღებთ იმას, რომ მიღებული ხმების რაოდენობა და მიღებული მანდატების რაოდენობა დაუახლოვდება ერთმანეთს და ამისთვის საჭირო იქნება გაზრდა პარლამენტისა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, ამ მიზნიდან გამომდინარე», – აცხადებს «ახალი მემარჯვენეების» ლიდერი მამუკა კაციტაძე.

როგორ აპირებს ხელისუფლება და მასთან შეთანხმებული ოპოზიცია პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას? – ეს ის საკითხია, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

«თვითონ ხელისუფლებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ: ნაწილი ფიქრობს, რომ აუცილებელია რეფერენდუმი, ნაწილი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი. ერთი სიტყვით, ეს არის ტექნიკური საკითხი და რაღაცნაირად უნდა მოხდეს ლეგიტიმაცია ამ ყველაფრის», – აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.

დამოუკიდებელი ექსპერტებისა და კონსტიტუციონალისტების თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ერთადერთი გზით შეიძლება:

«ამ ცვლილებას ჭირდება რეფერენდუმი», – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის თავმჯდომარე.

«აუცილებლად ჭირდება რეფერენდუმი», – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი, კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარე (კომისიამ დაასრულა მუშაობა).

«ეს საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა იქნას გადაწყვეტილი», – აცხადებს გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი საკონსტიტუციო საკითხებში.

იურისტები რეფერენდუმის აუცილებლობას «რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის» 28–ე მუხლის მე–4 პუნქტით ხსნიან, სადაც წერია:

«რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით».

საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150–მდე შემცირების გადაწყვეტილება კი სწორედ რეფერენდუმის შედეგად იქნა მიღებული. აღნიშნული რეფერენდუმი საქართველოში 2003 წლის 2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

რეფერენდუმის კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნულ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული შედეგები, ძალაში დარჩა მაჟორიტარული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები.

«რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის» თანახმად, რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს იურიდიული და პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში შევიდა  2005 წლის 23 თებერვალს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტში არჩეული უნდა ყოფილიყო 100 დეპუტატი პროპორციული და 50 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით. აღნიშნული ნორმა მოქმედებდა 2008 წლის 12 მარტამდე.

2008 წლის მარტში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრების მანდატები გადანაწილდა შემდეგნაირად: 75 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული და 75 – მაჟორიტარული სისტემით, 75 ერთმანდატიანი ოლქიდან.

საქართველოს პარლამენტი 150–კაციანი შემადგენლობით 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკომპლექტდა. მამუკა კაციტაძის თქმით, ეს 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად არ მომხდარა.

«2008 წელს, როდესაც შემცირდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 235–დან 150–მდე, ამის საფუძველი 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი არ ყოფილა. ეს იყო საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის წევრთა შემცირების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლების გარეშე. იმიტომ, რომ იმ რეფერენდუმის ლეგიტიმურობა, რომელიც ჩატარდა 2003 წლის 2 ნოემბერს, მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან იმავე დღეს ჩატარებული ნახევარი არჩევნები გამოცხადდა ლეგიტიმურად, მეორე ნახევარი კი – არა, და თვითონ რეფერენდუმი როგორ გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით დაისვა კითხვის ნიშანი. ამ თემასთან დაკავშირებით საკონსტუტუციო სასამართლოშიც იყო სარჩელი შეტანილი, კანონიერი იყო თუ არა ის რეფერენდუმი», – აცხადებს კაციტაძე.

ამ ინფორმაციას უარყოფს ვახტანგ ხმალაძე:

«ლოგიკურია იმის თქმა, რომ თუ პროპორციული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, არაკონსტიტუციურობის გამო და იქ მიზეზებია მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში – რატომ იქნა ცნობილი არაკონსტიტუციურად, ზუსტად ამავე მიზეზებით, არაკონსტიტუციურად უნდა ყოფილიყო ცნობილი მაჟორიტარული არჩევნების შედეგები და რეფერენდუმის შედეგებიც, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა, სარჩელი არ შეტანილა სასამართლოში, სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მაჟორიტარული წესით არჩეულები დარჩნენ პარლამენტის წევრებად და რეფერენდუმის შედეგი დარჩა უცვლელი. სამართლებრივი თვალსაზრისით 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი კანონიერია».

«მე ვფიქრობ, რომ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და მისი შეცვლა, ასევე, რეფერენდუმით უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მე სხვა პოზიციებსაც რომ ვუსმენ, ვერ მარწმუნებენ ეს ადამიანები, ვერ მიხსნიან, სხვანაირად როგორ შეიძლება ამის გაკეთება», – აცხადებს ნიკა ლალიაშვილი.

«ქრისტიან–დემოკრატებისგან» განსხვავებით, «ახალი მემარჯვენეები» რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას პარლამენტის მიერ შესაძლებლად და კანონიერად მიიჩნევენ:

«რეფერენდუმის გადაწყვეტილება შემდგარი ფაქტია. ის, რაც რეფერენდუმმა გადაწყვიტა, შედგა. რაღაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა იფუნქციონირა 150 დეპუტატით, ხოლო კონსტიტუციური ცვლილების პრეროგატივა შემდგარი ფაქტის შემდგომ არის პარლამენტის გადაწყვეტილება. ეს არის საკონსტიტუციო მუხლის ცვლილება, რომლის შეცვლის პრეროგატივა ენიჭება მოქმედ პარლამენტს», – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

«რეფერენდუმი არის ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი და ერთადერთი წყაროს ნების გამოვლინების ფორმა, ამიტომ მის მიერ, ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება გადასინჯოს პარლამენტმა, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა», – აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

«პარლამენტს აქვს უფლება, შეამციროს პარლამენტის წევრთა რაოდენობა, მაგრამ არა – გაზარდოს, იმიტომ, რომ რეფერენდუმის კითხვარში კითხვა ასე იყო დასმული – ეთანხმებით თუ არა იმას, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150–ს, ანუ 150 არის ზედა ზღვარი. რეფერენდუმის გარდა, სხვა გზით პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ეს იქნება უკანონობა», – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

“არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკანონოდ. იურისტებთან ერთად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც იქნება კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში», – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი და უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი «ინტერპრესნიუსთან» საუბარში.

ნიკა ლალიაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ ამ ცვლილების განხორციელების მიზნით: «ხელისუფლება ერთგვაროვანი არ არის. იმ ადამიანს, რომელთანაც მე მქონდა საუბარი, არ წარმოუდგენია ეს შეუძლებელ რაღაცად, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი,» – აცხადებს ლალიაშვილი, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ხელისუფლებიდან ამ საკითხზე მას საუბარი.

ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე ერთადერთი პოზიცია, «ჯი–ეიჩ–ენის» ცნობით, მიხეილ მაჭავარიანმა გაახმიანა:

«როგორც მახსოვს, 2003 წელს იყო პლებისციტი, რადგან კანონით, რეფერენდუმი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კი ოკუპირებულია”, – აცხადებს მაჭავარიანი.

2003 წელს რომ ნამდვილად რეფერენდუმი (და არა პლებისციტი) ჩატარდა საქართველოში, ამას საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 სექტემბრის #428 ბრძანებულება მოწმობს, რომლითაც რეფერენდუმი დაინიშნა 2003 წლის 2 ნოემბრისთვის.

განსხვავება რეფერენდუმსა და პლებისციტს შორის იმაში მდგომარეობს, რომ პლებისციტის შედეგები სარეკომენდაციო ხასიათისაა ხელისუფლებისთვის, რეფერენდუმის კი – სავალდებულო.

«რეფერენდუმს გააჩნია პირდაპირი მოქმედების ძალა და, შესაბამისად, სახელწმიფო ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და შეცვალოს კანონმდებლობა და შესაბამისობაში მოიყვანოს რეფერენდუმის შედეგთან მიმართებაში. ასევე, რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა არის შესაძლებელი ისევ რეფერენდუმის გზით და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, გაიზარდოს თუ არა პარლამენტის წევრთა რაოდენობა, ასევე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს», – განმარტავს გიორგი გოცირიძე.

კანონის შესაბამისად, რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ბიუჯეტს სულ მცირე 20 მილიონი ლარი მაინც დაუჯდება.

«წინა არჩევნების ბიუჯეტი იყო 25 მილიონი, საიდანაც 18 მილიონი მარტო ხელფასებია საარჩევნო უბნების. წინა არჩევნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება მთლად 25 მილიონი არ დაჯდეს, მაგალითად, შეიძლება რეკლამაზე იმდენი აღარ დავხარჯოთ, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები არ იქნება. 20 მილიონი მაინც დაჯდება», – აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პარლამენტი კანონდარღვევაზე ღიად წავა და რეფერენდუმის შედეგების კორექტირებას საკონსტიტუციო ცვლილებით მოახდენს?

«ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმი უვარგისია, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს უფლება გააკონტროლოს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციური ცვლილებები თვითონ კონსტიტუციის არსს, ანუ ამ შემთხვევაში თვითონ პარლამენტია ვალდებული, დაემორჩილოს იმ ხალხის ნებას, რაც იქნა რეფერენდუმის შედეგად გამოხატული», – აცხადებს გიორგი გოცირიძე.

«მართალია, შინაარსობრივად საკონსტიტუციო სასამართლოში ამაზე სარჩელი არ იქნება დაკმაყოფილებული, ანუ პარლამენტის პრეროგატივაა კონსტიტუციის გადასინჯვა და პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა, მაგრამ შეიძლება სადავო გახდეს ამ ცვლილებების შეტანის მექანიზმი, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ფორმალური კონტროლის განხორციელების უფლება, თუ როგორ არის გადასინჯული კანონი ან კონსტიტუცია, აი, ამ პროცედურის გასაჩივრება შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში», – განმარტავს ავთანდილ დემეტრაშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *