ახალი ამბები

ეკა ბესელია ხელისუფლების შეთავაზებების შესახებ

28 ივნისი, 2011 •
ეკა ბესელია ხელისუფლების შეთავაზებების შესახებ

”სამართლებრივი ქაოსი”, ”კანონსაწინააღმდეგო” და ”უსარგებლო” უწოდა ”ოპოზიციური რვიანისადმი” ხელისუფლების შეთავაზებებს ორგანიზაციის – ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” – ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას აზრით, მაჟორიტართა ხარჯზე პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა, 150 დეპუტატიდან 190-მდე, ”ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებშია და ამაზე დათანხმება ”ნაციონალური მოძრაობის” ისევ უმრავლესობაში მოსვლაზე წინასწარი თანხმობის მიცემის ტოლფასია.”

ადვოკატს ასევე მიაჩნია, რომ  რეფერენდუმით შემცირებული პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა რეფერენდუმის გარეშე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.  მისივე აზრით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციური ”რვიანისთვის” შეთავაზებული მეორე პირობაც – საარჩევნო სიების გადასამოწმებლად სპეციალური კომისიი შექმნა – მიუღებლად და წარმოუდგენლად მიაჩნია.

ეკა ბესელიას თქმით, საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში 3 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დასაზუსტებელი, რაც საყოველთაო აღწერის ჩატარების ტოლფასია. გარდა ამისა,  ეს შეთანხმება იურისტს  იმიტომაც მიაჩნია მიუღებლად, რომ შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სიები 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ივლისამდე უნდა მოხდეს, საქართველოს პარლამენტს კი უფლებამოსილება მხოლოდ 2012 წლის მაისამდე აქვს. ბესელიას თქმით, ამ შეთანხმების სისრულეში მოყვანით ხელისუფლება ცდილობს, პარლამენტს უფლებამოსილების ვადა კიდევ მინიმუმ 5-6 თვით გაზარდოს, რაც ასევე არაკონსტიტუციურია.

”არ შეიძლება ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც  საფუძვლად უნდა დაედოს მომავალში კანონის და მით უფრო კონსტიტუციის ცვლილებებს. ვიდრე პოლიტიკური სარგებლის მიღებაზე იფიქრებდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გადაწყვეტილება ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის აღდგენა პოლიტიკოსების მიმართ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი