აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო პირველი რანგის ქვეყნებში მოხვდა გერმანიასთან, აშშ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად.
”თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პირველ ჯგუფში შემავალ ქვეყანას არა აქვს ტრეფიკინგის პრობლემა. ეს არც იმას ნიშნავს, რომ მსგავს ქვეყანას გადაჭრილი ან აღმოფხვრილი აქვს თანამედროვე მონობა საკუთარი საზღვრების ფარგლებში,” – აღნიშნულია ტრეფიკინგის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, პირველი რანგის ქვეყნებს შორის მოხვედრა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მთავრობა აკეთებს იმის მინიმუმს, რასაც ითხოვს ტრეფიკინგის აღმიოფხვრასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტები. დოკუმენტში ასევე აღნოშნულია, რომ ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი პირველი რანგის ქვეყნებმა, არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა და ხელისუფლებები აიძულონ, ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად გაატარონ სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა დონეზე, დაწყებული ქვეყნის პლიტიკური სფეროებით, დამთავრებული ვაჭრობითა და ინდუსტრიით, ასევე საერთაშორისო შრომითი სტანდარტების ერთგულება, არატოლერანტულობა არასრულწოვანთა სექსუალური ვაჭრობის სფეროში ჩართვის წინააღმდეგ, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ჯანმრთელობის დაზღვევისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარება, მკურნალობა და ა.შ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ნაკლებად წარმოადგენს ქვეყანას, სადაც ტრეფიკინგი ადგილზე ხდება. უფრო ხშირად საქართველოდან წასულები ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი, თუმცა, ტრეფიკინგის შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზეც ხდება და აქ ქალები და მამაკაცები ძირითადად იძულებითი შრომის გამო ხდებიან მსხვერპლნი. გარდა ამისა, დაფიქსირებულია ქართველთა იძულებით შრომით საქმიანობაში ჩართვა თურქეთში, ეგვიპტესა და ლიბიაში. მოხსენების ავტორებს ასევე აღნიშნული აქვთ თურქეთის ერთი მოქალაქის იძულებითი შრომის ფაქტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთში.
მოხსენების მიხევით, ქართველი ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად ქვეყნის ფარგლებს გარეთ – თურქეთსა და ეგვიპტეში ხდებიან. სექსუალური ტრეფიკინგის ფაქტები ასევე დაფიქსირებულია: არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ავსტრიაში, საბერძნეთში, რუსეთსა და გერმანიაში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ბოლო წლებში საქრთველოს ხელისუფლებამ სრულად განახორციელა ქმედბები იმისათვის, რათა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ პოლიციელებსა და მესაზღვრეებს ჩაუტარა სპეციალიზებული, ანტი-ტრეფიკინგული ტრენინგები, ხელისუფლება ასევე აფინანსებს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილ ორ თავშესაფარს. გარდა ამისა, 2009 წელთან შედარებით ტრეფიკინგის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტრეფიკინგთან დაკავშირებით კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაამკაცრა და ტრეფიკინგში ადამიანების ჩართვა მაქსიმუმ 20– წლიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოხსენების ავტორების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მოხსენების მზადების პერიოდში ტრეფიკინგის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა – აქტიურად ჩაატარა სარეკლამო კამპანია ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ტრეფიკინგის თემაზე სემინარები ჩაუტარეს საჯარო სკოლის მასწავლებლებს, იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ჟურნალისტებს, ხოლო ხელისუფლების მიერ შექმნილ ცხელ ხაზზე 2010 წელს სულ 69 ზარი შევიდა.






