საქართველოს პროკურატურამ 28 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე.
პროკურატურამ ეს განცხადება 28 ივნისს თავის ვებგვერდზე გაავრცელა.
ამ განცხადებას გამოეხმაურა “ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი. მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წაყენებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯს წინ უძღვოდა ფსევდო-ოპოზიციური, ხელისუფლების სატელიტი პარტიების მოწოდება ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ.
„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 30-იან წლების „აღშფოთებული“ საბჭოთა მოქალაქეების მოთხოვნებს, სამაგალითოდ რომ დაესაჯათ და გაესამართლებინათ ტროცკისტები და სხვა „ანტისაბჭოთა ელემენტები“, – საბჭოთა და სააკაშვილის რეჟიმების მსგავსებაზე ამახვილებს ყურადღებას „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, რომლის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული ნაბიჯი მთავარმა პროკურატურამ „სათანადო პოლიტიკური ფონის შექმნის“ შემდეგ გადადგა.
