საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გადასცა ნოტა შვეიცარიის საელჩოს რუსეთის მხარისთვის გადასაცემად.
მასში საუბარია საქართველოს მხარის მზადყოფნაზე, რომ დაწყებულ იქნას მოლაპარაკებები „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” გაეროს კონვენციის რუსეთის ფედერაციის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებზე.
ნოტაში სამინისტროს მიერ აქცენტი გაკეთებულია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ შემდეგ დარღვევებზე:
– ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო და აფხაზეთიდან, საქართველო საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლების აღკვეთა;
– 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისა, საქართველო და აფხაზეთის, საქართველო ტერიტორიებზე დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავდა ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და საკუთრების განადგურებას; განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შელახვას; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო პასპორტიზაციას.
– 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდეგ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების ეთნიკური წმენდა;
– 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან დევნილი ეთნიკური ქართველების დაბრუნების უფლების აღკვეთით;
– რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს ეთნიკურად მოტივირებულ ძალადობასა და ქონების განადგურებას; განათლების, კულტურული და ენობრივი უფლებების შეზღუდვას; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და უკანონო პასპორტიზაციას.
“ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 2011 წლის პირველ აპრილს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც დაადასტურა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დავის არსებობა, თუმცა მიუთითა კონვენციით გათვალიწინებული მექანიზმით, მოდავე მხარეებს შორის პირისპირ მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მას შემდეგ, მრავალჯერ შეეცადა რუსეთთან არსებული დავების მოგვარებას, თუმცა საქართველოს ამ ინიციატივას რუსეთის მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება არ მოჰყოლია”, – აცხადებს ნინო კალანდაძე.
ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანადაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გუნტერ ბეხლერს გუშინ გადასცა.





