ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძის ევროტური

27 ივნისი, 2011 •
ნინო ბურჯანაძის ევროტური

ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე
ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე

”სახალხო კრების”ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში განუცხადა, რომ ბრიუსელში მისი ვიზიტის მიზანი, პირველ რიგში, საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა და მათთვის ”რეალური ინფორმაციის მიწოდება იყო.”  “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ევროპაში 23 ივნისს 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ხელისუფლება საერთაშორისო ლობისტურ კომპანიებს მილიონებს უხდის, რომ მასზე სტატიები დაიწეროს, ამიტომ ამ კუთხით მუშაობა მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ბურჯანაძის თქმით, მან ევროპულ მედიას საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად 26 მაისს მომხდარი ამბების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა წარუდგინა, რადგან, მისი აზრით, ხელისუფლება ტყუის, როცა ამბობს, რომ ბურჯანაძის ესკორტმა ადამიანები იმსხვერპლა და პოლიტიკოსმა ხალხი მარტო დატოვა.

პოლიტიკოსის ინფორმაციით, ის ბრიუსელში სხვადასხვა სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა და მათ 21-16 მაისს საქაართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

”ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც 2011 წლის 21-26 მაისის შუალედში გამოიძიებს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების ქმედებებს,” – განაცხადა ბურჯანაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოს მაქსიმუმ 2-3 დღიანი საერთაშორისო ვიზიტების გამო დატოვებს და არავითარ შემთხვევაში ქვეყნიდან უფრო დიდი ხნით არ გაემგზავრება, რადგან, მისივე აზრით, ბურჯანაძის ქვეყანაში ყოფნა მხარდამჭერებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

”სახალხო კრების” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ  ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა ბელგიის სენატის ლიდერს, ასევე ამავე ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, ევროკავშირში ბალტიისპირეთის ქვეყნების დელეგაციებსა და ა.შ.

ბურჯანაძის ინფორმაციით, ბრიუსელში მოულოდნელად, დაუგეგმავად ჩავიდა პრეზიდენტი სააკაშვილი და ევროპელ მაღალჩინოსნებს ეუბნებოდა, რომ ”სახალხო კრების” ლიდერს არ შეხვედროდნენ.

”მას მოუწევს ჩემ კვალდაკვალ, დერეფნებში სირბილი და ადამიანების გაფრთხილება, რომ მე არ შემხვდნენ, ” – თქვა პარლამნეტის ყოფილმა თავმჯდომარემ. როგორც მან თქვა, უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს საქმიან ვიზიტებს ევროპაში, თუმცა, დამატებითი დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი