
რიკოთზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხების გარეშე ხორციელდება, თუმცა პარალელურად გრძელდება დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.
ადგილზე კვლავაც მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სპეციალური ტრაქტორებით მთიანი ფერდობებიდან მიწა იჭრება, რომელიც გამოიყენება დაზიანებული ადგილების აღსადგენად.
18 ივნისს მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად, აღმოსავლეთ–დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალზე გზა რამდენიმე ადგილზე დაზიანდა, რის შემდეგაც საავტომობილო მარშრუტი რამდენიმე ათეული კილომეტრით დაგრძელდა და გომი–საჩხერის მიმართულებით შეიცვალა. ამის გამო სამგზავრო მიკროავტობუსებმა მომსახურების ღირებულება 2–2 ლარით გააძვირეს.
იმის მიუხედავად, რომ დღეიდან მიკროავტობუსები ტრადიციული მარშრუტით, რიკოთის გავლით გადაადგილდებიან, მგზავრობის ღირებულება არ გაიაფებულა. მაგალითად, ქუთაისი–თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა 2 ლარითაა გაძვირებული და 12 ლარს შეადგენს. მოძრაობა რიკოთზე ორმხრივად გუშინ საღამოს აღდგა.
18 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, დაინგრა რესტორანი “რიკოთი” და რესტორნის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა.

