ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს რუსული სახელწოდებით – ГРУЗИЯ-თი მოიხსენიებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით მიმართავს, რათა მათ საქართველო Georgia–თი მოიხსენიონ.

ამის თაობაზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გასულ კვირას კორეამ გაითვალისწინა ეს მიმართვა.

კალანდაძემ დღესვე იმ რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 29 ივნისს უნდა ეყაროს კენჭი. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის განსაზღვრის შესახებ რეზოლუცია გაეროს ასამბლეაზე ყოველწლიურად საქართველოს ინიციატივით გადის.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი სახელმწიფო შეუერთდეს ამ რეზოლუციას და ამ რეზულუციიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა განახორციელონ. ეს რეზოლუცია პოლიტიკური შინაარსის არ არის. ის ატარებს ჰუმანიტარულ ხასიათს და სახლებში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას გულისხმობს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ქრისტიან –დემოკრატების” ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებიდან უნდა გამოვიდეს.

“ჟენევის მოლაპარაკების თავმჯდომარეებს ეცნობებათ ჩვენი პოზიციის შესახებ,” – განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით, “საქართველო შეშფოთებულია მის ტეროტორიაზე რუსეთის მხრიდან შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდით, რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს და გეგმავს ტერაქტებს საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ, როცა ჟენევის მოლაპარაკების საკითხს საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოება წარმოადგენს.”

მინისტრის მოადგილემ კომენტარი ჩინეთში საქართველოს ელჩის შეცვლის თაობაზეც გააკეთა: ნინო კალანდაძის თქმით, ელჩების როტაცია ჩვეულებრივი რუტინული პროცესია.

“მამუკა გამყრელიძემ საკმაოდ ამომწურავად წარადგინა თავისი კანდიდატურა პარლამენტში და ის შესაფერისი კანდიდატურაა”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. ჩინეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გასულ კვირას მამუკა გამყრელიძე დაინიშნა, მან დიპლომატი კახა სიხარულიძე ჩაანაცვლა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კახა სიხარულიძე გამოცდილი სპეციალისტია და ამავე უწყებაში დასაქმდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *