ახალი ამბები

“რვიანი” განცხადებას 14.00 საათზე გააკეთებს

27 ივნისი, 2011 • 1076
“რვიანი” განცხადებას 14.00 საათზე გააკეთებს

“ოპიზიციური რვიანი” საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებებზე განცხადებას დღეს, 14.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გააკეთებს. “რვიანში” შემავალმა პარტიებმა უკვე დაასრულეს კონსულტაციები”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ხმალაძე დღევანდელი განცხადების დეტალებს არ აკონკრეტებს. მან 25 ივნისს “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ ხელისუფლების შემოთავაზებებში არ არის სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი საკითხები.

ხელისუფლებამ თავისი წინადადებები ოპოზიციას პარასკევს წარუდგინა. უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი 24 ივნისს შეხვდა “ოპოზიციურ რვიანში” შემავალი პარტიის “ახალი მემარჯვენეების” წევრ მამუკა კაციტაძეს და მათი წინადადებები წერილობით სახით გადასცა.

კაციტაძემ 26 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქცენტებში” განაცხადა, რომ „ეს [ხელისუფლების შეთავაზებები] არ არის ცარიელი ფურცელი. მაგრამ არც კარგი შემოთავაზებებია. ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“, ჩვენი შემნის დღიდან, უკვე 10 წელია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვლაპარაკობთ და არანაირი შედეგი არ ყოფილა არასდროს. დღეს რაღაც შედეგი არსებობს. არის 9 მუხლი, აქედან ოთხზე  სრული თანხმობა გვაქვს. ოთხზე – ნაწილობრივი თანხმობა, ანუ არასრული. ერთზე გვაქვს სრული უარი–ეს არის ბიომეტრია. მაგრამ აქვე შემოგვთავაზა [ხელიუფლებამ], რომ ცესკოში, ცესკოსგან დამოუკიდებლად, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თვეების განმავლობაში მუშაობს ამორმრჩეველთა სიების დახვეწაზე. რაც შეეხება ნაწილობრივ საკითხებს საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით,–ჩვენ ვითხოვდით, 50 ყოფილიყო მაჟორიტარი და 100 პროპორციული. მან მოგვცა 107 პროპორციული და 83 მაჟორიტარული. ეს არ არის, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, თუმცა არც ისაა, რაც დღეს არის. ასევე ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია საჩივრების ვადები. და ნაწილობრივი პასუხი გაგვცა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე. თავად ჩვენი ინიციატივა იყო, რომ პარტია ან ბლოკი, რომელიც რაღაც ბარიერს გადალახავს, მაგალითად, 3–4%–ს (ის წერს, რომ 5%), მას მიეცეს გარკვეული დაფინანსება ბიუჯეტიდან რეზულტატის მიხედვით. თუკი რამე უჭირს ოპოზიციას ამ ხელისუფლების პირობებში, ეს არის დაფინანსება”.

მამუკა კაციტაძემ კომენტარი გააკეთა “ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებითაც: “როდესაც ხელისუფლებისგან პასუხების გაცემის ეტაპზე მივედით, ხელისუფლებამ არ ინება, რომ ჯერ კიდევ მარტის თვეში დაეწყო პასუხების გაცემა ჩვენთვის. “რვიანი” არსებობდა მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკება აღარ შედგა  და დადგა დილემა, მაშინ რას აკეთებს “რვიანი”. ამიტომ ჩვენ – “ახალი მემარჯვენეები” ვიყავით ინიციატორები , რომლებმაც ვთქვით, რომ ასე ვერ გავაგრძელებდით,  უნდა დავაჩქაროთ შედეგის დაყენების პროცესი  და შევთავაზეთ “რვიანს”,  ვისაც რა რესურსი აქვს, იმის ფარგლებში ეცადოს. მანამდე მქონდა შეხვერდა პავლე კუბლაშვილთან, ირაკლი ალასანიას კი, გიგა ბოკერიასთან. მე მქონდა რამდენიმე ზარი ხლეისუფლების წარმომადგენლებთან  და პავლე კუბლაშვილს ვუთხარი, რომ მინდა შეხვედრა. მე მას ვუთხარი, რომ ასე სიტუაცია ვერ გაგრძლედება, პირდაპირ ვთხოვეთ პასუხი. აქედან ხუთ დღეში, გუშინ საღამოს,  დამირეკა პავლე კუბლაშვილმა”.

რაც შეეხება “ოპოზიციურ რვიანში” შემავალი სხვა პარტიების პოზიციას ხელისუფლების შეთავაზებებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. მათი კონსლუტაციები უკვე დასრულდა და შეგახსენებთ, ამ პოზიციების შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში დღეს, 14.00 საათზე, ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი