ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

27 ივნისი, 2011 • 1032
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” კვლევის შედეგების მიხედვით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ.

შაბათს ცნობილი გახდა, რომ ერთ–ერთი წინადადება, რასაც ხელისუფლება ოპოზიციურ რვიანს სთავაზობს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას შეეხება. კერძოდ, ამ შეთავაზების მიხედვით, მაქსიმალური თანხა, რაც მოქალაქეებს შეუძლიათ შესწირონ პოლიტიკურ პარტიას, არის  60 ათასი ლარი, ორგანიზაციებს კი– 200 ათასი ლარი.

ამჟამად არსებული კანონმდებლობით, თითოეულ მოქალაქეს პოლიტიკური პარტიებისთვის 30 ათასის, ხოლო იურიდიულ პირს 100 ათასი ლარის გადარიცხვა შეუძლიათ.

ჯერჯერობით, ოპოზიციური რვიანის პასუხი ამ საკითხთან და  ხელისუფლების სხვა შემოთავაზებებთან დაკავშირებით უცნობია და კომენტარები, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კი პარტიების დაფინანსების საკითხზე კვლევის პრეზენტაციას ხვალ გამართავს. ორგანიზაციამ კვლევა “ფონდი  “ღია საზოგადოება-საქართველოს”  დახმარებით ჩაატარა და მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ანგარიშში გაანალიზებულია იმ პარტიების წლიური შემოსავალი და ხარჯთაღრიცხვა, რომელთაც  2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მოიპოვეს მანდატები.

კვლევა ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და დეტალურად აღწერს:

  1. რა ოდენობის თანხების მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების დროს და არჩევნების პერიოდში;
  2. რა წყაროებიდან ფინანსდებოდა პარტიები;
  3. როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები;
  4. რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა.

ჯერჯერობით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილი ხდება რამდენიმე შეფასება:  

  • საქართველოში პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესებას საჭიროებს.
  • დღეისთვის არ არსებობს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხებს;
  • არ არის დადგენილი, თუ ვისი კომპეტენციაა პარტიების მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციების შემოწმება;
  • არ არსებობს პარტიათა ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების ერთიანი ფორმა;
  • არ არის განსაზღვრული, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფინანსურ ანგარიშებს არასრულად ან ხარვეზებით წარადგენენ…

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო”ხვალ  ანგარიშის დასკვნით ნაწილში  რეკომენდაციებსაც წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი