ახალი ამბები

მურმან დუმბაძე: მთხოვდნენ, შემეგინებინა აქციის კონკრეტული ხელმძღვანელებისთვის

25 ივნისი, 2011 • 1243
მურმან დუმბაძე: მთხოვდნენ,  შემეგინებინა აქციის კონკრეტული ხელმძღვანელებისთვის

თბილისში, 26 მაისის აქციაზე დაკავებული ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს” ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 25 ივნისს გათავისუფლდა. იგი ადასტურებს, რომ მას თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში კანონდარღვევით, რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ჯანმრთელობის მხრივ მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ დუმბაძე პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას გეგმავს.

მურმან დუმბაძის დაკავება
მურმან დუმბაძის დაკავება

თქვენ შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოში ფიზიკურად გაგისწორდნენ და გაწამეს. დაკავებამდე გავრცელებული კადრების მიხედვით ფიზიკური ზეწოლა არ გემჩნეოდათ. ადასტურებთ ამ ფაქტს?

დიახ. კინოთეატრში ჩემი დაკავების დროს მხოლოდ ერთხელ ჩამარტყეს თავში. სისხლი მდიოდა, მაგრამ თბილისის მთავარ სამმართველოში მიყვანამდე აღარ შემხებიან. იქ კი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციელები ჩემზე პერმანენტულად ახორციელებდნენ ფიზიკურ ზეწოლას. მივიღე სხვადასხვა დაზიანებები.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, სამმართველოში პოლიციელები თქვენ რაღაც მოთხოვნას გიყენებდნენ. რა მოთხოვნა იყო ეს?

მოთხოვნა იყო, შემეგინებინა აქციის კონკრეტული ხელმძღვანელებისთვის, რაც, ბუნებრივია, არ გავაკეთე.

თუ შეიტანეთ საჩივარი თქვენზე უკანონო ზეწოლის შესახებ, რომ გამოძიება დაიწყოს?

არ შემიტანია და არც ვაპირებ. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამის გაკეთებას აზრი არ აქვს. სააკაშვილის რეჟიმის დროს ობიექტური გამოძიების რაიმე შანსი არ არსებობს. ქვეყანაში დგას პოლიტიკური პრობლემა, ქვეყნის პირველი პირის პრობლემა, რომლის პირობებში არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

კი მაგრამ, ფორმალურად თუ დაიწყებდით გამოძიებას, შესაძლოა საერთაშორისო სასამართლომდეც მისულიყავით.  ამაზე  რატომ თქვით უარი?

ჩემი მდგომარეობა იზოლიატორში სხვადასხვა ორგანიზიებმა დააფიქსირეს. ჩემთან იყვნენ მოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც, “საერთაშორისო წითელი ჯვრიდან”, თბილისის მთავარი სამმართველოს ექიმთა ჯგუფი და სხვები. ასე რომ, ფაქტი დაფიქსირებულია და თუ რეაგირებაა სურთ, ჩემი განცხადების გარეშეც უნდა მოხდეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რესპუბლიკურმა პარტიამ და სხვა ორგანიზაციებმა თქვენი წამების შესახებ გააკეთეს განცხადებები და ამ ფაქტის გამოძიება მოითხოვეს. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება თქვენს საქმეზე?

ჯერჯერობით, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ვეჭვობ, რომ ვინმემ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე ტიპის ობიექტურგამოძიებას მიაღწიოს.

იზოლიატორში რა მდგომარეობა იყო? როგორ გაატარეთ ეს ერთი თვე?


იზოლიატორში განუწყვეტლივ ირღვეოდა შინაგანაწესი. არ გვქონდა აბანო, ჰიგიენური საშუალებები. მხოლოდ ერთხელ გაგვიყვანეს გასეირნებაზე. თუმცა პოლიციელების მისამართით უნდა ვთქვა, რომ იყო წმინდა ქართული დამოკიდებულება, ანუ მათი მხრიდან ადამიანურ თანადგომას ნამდვილად ვგრძნობდით.

ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვთ?

მარცხენა თვალზე დამრჩა პრობლემები, ასევე სხვადასხვა ორგანოები მაწუხებს. ჯერჯერობით ვრჩები თბილისში. ჩავიტარებ სამედიცინო გამოკვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჩავიტარებ მკურნალობას.

21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან, ჩატარებული აქციის შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავეს და 8 მათგანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებენ. თქვენ მიმართაც ხომ არ არის აღძრული საქმე?

ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ბათუმში უამრავი აქციის ორგანიზატორი ვიყავი. მათ შორის აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციებისაც. აღიძრება თუ არა ჩემ წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე, ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ერთს ვიტყვი, რომ მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ბათუმში დაკავებულ ადამიანებზე, ისევე როგორც სხვებზე, ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა. ისინი არიან პოლიტპატიმრები და რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლნი. ხელისუფლებას ამგვარი მეთოდებით სურს გატეხოს სახალხო წინააღმდეგობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მას არ გამოუვა.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, განწყობა როგორი გაქვთ?

საბრძოლო განწყობაზე ვარ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და კიდევ უფრო აქტიურად. ამ ეტაპზე, როგორც კი მოვრჩები სამედიცინო გამოკვლევებს, ჩამოვალ ბათუმში, შევიკრიბებით ჩვენს ორგანიზაციაში და კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრებთ.

სახალხო კრებასთან დაკავშირებით რას იტყვით, გააგრძელებთ მასთან ურთიერთობას?

დიახ, ამ ეტაპზე ჩვენი მოღვაწეობა კვლავაც გაგრძელდება სახალხო კრებასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი