ახალი ამბები

რას სთავაზობს ხელისუფლება “ოპოზიციურ რვიანს”

25 ივნისი, 2011 • 1186
რას სთავაზობს ხელისუფლება “ოპოზიციურ რვიანს”

საარჩევნოდ 30 ათასი ლარის ნაცვლად ფიზიკურ პირს  პოლიტიკური პარტიისთვის 60 ათასი ლარის, ხოლო იურიდიულ პირს დადგენილი 100 ათასი ლარის ნაცვლად 200 ათასის შეწირვის შესაძლებლობა ექნება. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ამ და სხვა ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში  ხელისუფლება “ოპოზიციური რვიანს” სთავაზობს.

საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190, აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 –პროპორციული სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე. 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე კომისიამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადების საფუძველზე ცესკომ უნდა უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს აპარატი. კომისიის წევრებისა და აპარატის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 ათას ლარს მიზნორივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს.

კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე.

კანონის საფუძველზე განხორციელდება მედიამონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით ცესკო უზრუნველყოფს კომპეტენტური, უცხოური ან საერთაშორისო კომპანიის შერჩევას.

არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თითო წარმომადგენელზე 50 ლარის ოდენობით.

დადგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე.
გადაიხედება დავების განხილვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტებისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ამ შეთანხმების 2, 3.2. და 3.5 პუნქტების პირობები ვრცელდება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე. აღნიშნული შეთანხმებებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა.-ეს შეთავაზებები საპარლამენტო უმრავლესობიდან პავლე კუბალშვილმა “ოპოზიციური რვიანის” წევრ მამუკა კაციტაძეს გუშინ “ახალი მემარჯვენეების” ოფისში წარუდგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი