ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში სხდომა დაიწყო

24 ივნისი, 2011 • 934
თბილისის საკრებულოში სხდომა დაიწყო

თბილისის საკრებულოში დაიწყო სხდომა, რომელზედაც მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებები უნდა განიხილონ დასუფთავების გადასახადის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.

საკრებულოს წევრებმა  კობა– დავითაშვილმა, თინა ხიდაშელმა და ინგა გრიგოლიამ მოითხოვეს საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება. “დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც დასუფთავების გადასახადის  ანალოგიური წესია. რატომ არ უთხარით თქვენს ამომრჩეველს, რომ გაუძვირებდით ცხოვრებას”? – ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წევრმა ინგა გრიგოლიამ.

სხდომას 50–მდე მოქალაქეც ესწრება. გუშინ რესპუბლიკური პარტიიდან თბილისის საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დასწრებოდნენ სხდომას და ერთად გაეპროტესტებინათ მერიის ინიციატივა.

დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით მერიის ინიციატივა ითვალისწინებს ტარიფის გამოანგარიშებას დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით – მოქალაქეებმა 1 კვტ დახარჯულ ელექტრონერგიაზე დასუფთავების 0.05 ლარი უნდა გადაიხადონ. ამჟამად დასუფთავების  ტარიფი ფიქსირებულია და ერთ სულ მოსახლეზე 2.50 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი