ოპოზიციონერი პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია დღეს პარლამენტს დაემშვიდობა. ის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა(ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში(WMO) საქართველოს წარმოამდგენელად ინიშნება.
დამშვიდობებამდე გამსახურდიამ მოკლედ შეაჯამა საკანონმდებლო ორგანოში თავისი მოღვაწეობის შედეგები. მისი თქმით, პარლამენტის წევრობის აღდგენისთვის, 2009 წლის შემოდგომაზე, უმთავრესი იყო საქართელოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხს შესწავლა, რადგან, გამსახურდიას აზრით, არ შეიძლება სახელმწიფომ და ერმა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ იცოდეს, როგორ დაიღუპა მისი პირველი პრეზიდენტი, სახელმწიფო მოღვაწე, ვინც გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველაფერი გააკეთა თავისი სამშობლოს თავისუფლებისთვის და ძალიერებისთვის.
”მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე–სპიკერებს, ასევე თითოეულ თქვენგანს – როგორც სახელისუფლებო გუნდს, ისე – ოპოზიციას, მხარდაჭერისთვის და კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის. ჩვენი ერთობლივი მუშაობა, ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პროკურატურა, სადაც გადაგზავნილია ჩვენი მასალები, დაიწყებს გამოძიებას და როგოროც შევთანხმდით, ყოველ სამ თვეში ერთხელ საქმის კურსში ჩააყენებს პარლამენტს. ასევე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მოღვაწეობა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც პრაქტიკულად გაეროს ორგანოებს წარმოადგენენ. მინდა ასევე განვაცხადო, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მე არ დავიშურებ ძალ-ღონესა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რათა ახალი ათასწლეულის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს საქართველო ღირსეულად შეხვდეს, შეძლოს მათთან გამკლავება. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ქვეყნიდან ფიზიკურად გამგზავრების მიუხედავად, მე ვრჩები სახელმწიფოს სამსახურში, თითოეული თქვენგანის სამსახურში. გმადლობთ ყურადღებისთვის!,” – ასე მიმართა აწ უკვე ყოფილმა პარლამენტარმა საკანონმდებლო ორგანოს.
თავის მხრივს, კონსტანტინე გამსახურდიას მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა.
”ბატონი კონსტანტინე ოპოზიციის წარმომადგენილი იყო საქართველოს პარლამენტში, მაგრამ იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია და სახელმწიფოს საქმე ჰქვია, თავისი გადასახედიდან ძალიან მნიშვნელოვნად ახორციელებდა და წარმატებას ვუსურვებ მას ახალ საქმიანობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა კონსტანტინემ, როცა შემოვიდა პარლამენტში. ეს მას, როგორც პოლიტიკოსს – ახასიათებს და არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება, ” -განამცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





