გადაცემა ”ვის უნდა 20 ათასის” წამყვანი და მედიაჰოლდინგ GMG-ის დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხდება.
საქართველოს პარლამენტს მისი კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დასამტკიცებლად დღეს წარუდგგინეს. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კიდევ ორ ქვეყანას – ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და მონღოლეთს ემსახურება.
მამუკა გამყრელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ამჟამინდელ ელჩს – კახა სიხარულიძეს ჩაანაცვლებს.
პარლამენტის სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელსაც დღეს პარლამენტის სხდომა მიყავს, მამუკა გამყრელიძეს მადლობაც გადაუხადა: ”ბატონ მამუკას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მნიშვენლოვანი საქმისთვის, რასაც ის აკეთებდა, რადგან ძალიან ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელსაც ძალიან უჭირდა და სხვა საშუალება არ ჰქონდა, დაეხმარა. უბრალოდ, ზოგიერთი მათგანი გადარჩა, ზოგიერთ მათგანს მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდა და მეც ვიყავი მისი გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე და ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი ქართველის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ამ კოლექტივთან – ბატონ მამუკასთან და რუსთავი 2-თან ერთად წვლილი შევიტანე და დღეს პატარა ნიკა ბევრად უფრო კარგად არის, ვიდრე ამ გადაცემამდე.”
პარლამენტს დასამტკიცებლად დღეს ასევე წარუდგინეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი გიორგი ბადრიძე, რომელიც საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაშიც.
საქართველოს ფინეთში დღემდე არ ჰყავდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ფინეთის ტერიტორიას შვედეთში საქართველოს საელჩო ფარავდა. პარლამენტს ელჩობის კანდიდატად კონსტანტინე ქავთარაძე წარუდგინეს, რომელიც აქამდე შვედეთში მუშოაბდა საქართველოს ელჩად, ახლა კი ორივე ქვეყანაში იმუშავებს, რადგან ფინეთის საელჩო ცალკე ერთეული იქნება.
პარლამენტს დასამტკიცებლად ასევე წარედგინა ალექსანდრე ნალბანდოვი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი სლოვენიის რესპუბლიკაში. ნალბანდოვი ამჟამად სლოვაკეთში საქართველოს ელჩია და ეს საელჩო ფარავდა როგორც სლოვენიას, ისე სლოვაკეთს. ამიერიდან კი სლოვენიის საელჩოც ცალკე ერთეულად გამოიყოფა.
საქართველოს ასევე ეყოლება ახალი ელჩი დანიის სამეფოში. ნიკოლოზ ქველიაშვილის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
საკანონმდებლო ორგანოს საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენლის – კონსტანტინე გამსახურდიას დამტკიცება მოუწევს. ის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა(ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში(WMO ) საქართველოს წარმოამდგენელი იქნება.
