დღეს, 24 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისში, რიყის ახალგახსნილ პარკში საჯარო კოცნის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამ გზით პარკებსა და სკვერებში დაცვის თანამშრომლების მიერ კოცნის თვითნებურად აკრძალვასა და სკამებზე ჯდომის წესების ასევე თვითნებურად დადგენას აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კიკონიშვილმა ფეისბუქზე სპეციალური გვერდიც შექმნა, რომლის მეშვეობითაც ფეისბუქის მომხმარებლებს აქციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გაგება შეუძლიათ.
”პარასკევს, საღამოს 8 საათზე, მოგვყავს ჩვენი შეყვარებულები/მეგობრები/GF/BF-ები, ცოლები/ქმრები და ყველანი სახალხოდ ვზასაობთ რიყის ახალ პარკში, მინი ამფითეატრთან! თუ კოცნა დანაშაულია, მაშინ ვამაყობთ, რომ ჩვენ ამხელა დანაშაულს ჩავდივართ ერთმანეთის მიმართ! ♥,” – წერს აქციის ორგანიზატორი ფეისბუქზე, აქციის გვერდზე.
აქციის ორგანიზატორი წერს, რომ ”თბილისის პარკებში მოქცევის წესები თვითნებურად შეცვალა დაცვის სამსახურმა! თუკი აქამდე მეგობართან ერთად ტკბილად შეგვეძლო სკამზე წამოჯდომა და ზასაობა, ეხლა “სამართალდამცავებმა” გადაწყვიტეს, რომ “ეს არაა ლამაზი”. ჩვენ კი ვიცით, რომ სამართალდამცავები კანონით უნდა გველაპარაკებოდნენ და არა მათი პირადი შეხედულებებით იმის შესახებ, თუ რა არის ლამაზი და რა არა.
ვიცით, რომ განსხვავებით ომისგან, სისხლისღვრისგან, ძალადობისგან, მკვლელობებისა და ქურდობისგან, რომლის ამსახველი კადრებიც ზღვასავით მოედინება საჯაროდ, ტელეეთერიდან თუ ჟურნალ-გაზეთებიდან, სიყვარული, მოფერება და უბრალოდ სასურველ ადამიანთან საჯაროდვე ჩახუტება ლამაზია, თან არათუ ლამაზი, ყველაზე სასიამოვნო ქმედებაა რასაც ადამიანები ვაკეთებთ.”





