ახალი ამბები

ქართული პარტია შსს–ს ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს

23 ივნისი, 2011 • • 1639
ქართული პარტია შსს–ს ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს

ქართული პარტია ფალსიფიკაციას უწოდებს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალას. შსს –ის მიერ დაკავებული ადამიანებიდან, ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ორი მათგანი– დავით ჯალიაშვილი და ლევან ტერაშვილი  ქართული პარტიის წევრები არიან.  დანარჩენი დაკავებულები კი– პარტიასთან ირიბად დაკავშირებული ადამიანები. მათი ნათესავები ან პირები, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილთან, მისი მინისტრობის პერიოდში მუშაობდნენ.

დღეს, 23 ივნისს, 12 საათზე, შს სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტროს მტკიცებით, მათ ორგანიზებული შეიარაღებული დაჯგუფების 18 წევრი დააკავეს, რომლებიც ქართულ პარტიასთან არიან დაკავშირებული.

შსს-ს მტკიცებით, საუბარია იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის თვის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკვებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.

ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი საათაშვილი, შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მას 22 მაისს ქართული პარტიიდან დაურეკა კახა ტერაშვილმა და  ”ქართული პარტიის” ოფისში – უზნაძის 113-ში დაიბარა. საათიშვილის თქმით, კახა ტერაშვილმა მას გააცნო თავისი ძმა ლევან ტერაშვილი. ამის შემდეგ კი ძმებმა მას ავტომანქანა ”ზილის” საყიდლად” ფული მისცეს.

კახა ტერაშვილი, ქართული პარტიის წევრის, ლევან ტერაშვილის ძმაა.

კიწმარიშვილის თქმით, დღეს რამდენიმე დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ინფორმაციით, არც ერთმა დაკავებულმა არ ცნო თავი დამნაშავედ.

რაც შეეხება დავით ჯალიშვილს,როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, მას ჰქონდა ერთთვიანი ადმინსიტრაციული მისჯილი.”21  მაისს დააკავეს, გამოვიდა და გამოსვლის მეორე დღეს კვლავ დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისთვის”.

„როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ჩემი და სოზარის შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ, იმ ღამეს იქნა აყვანილი პირველი სამი ადამიანი, მეორე დღეს პარტიის ოფისის ირგვლივ  ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ იყო დიდი აქტივობა, იგრძნობოდა,რომ რაღაცას წვალობდნენ. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ იმ ღამეს ლევან ტერაშვილი აიყვანეს“,–ამბობს ეროსი კიწმარიშვილი.

შს სამინისტროს სქემის სახით გამოქვეყნებული აქვს 18–ვე დაკავებულის კავშირი ირაკლი ოქრუაშვილთან.

გიორგი საათაშვილის შესახებ ინფორმაცია ეროსი კიწმარიშვილს არ აქვს. ამბობს, რომ ის არ არის პარტიის წევრი. შსს–ს ინფორმაციით, იგი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და ლევან ტერაშვილთან, ქართული პარტიის წევრთან, არის დაკავშირებული.

ჩანაწერში, რომელიც შსს–მ გაავრცელა, საათაშვილი ამბობს:

„მე მომცეს “ზილის” შესაძენი ფული და მერე გავიგე, რომ როცა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდოდა 200-მდე სპეცრაზმელით, გარკვეულ ნაწილს ჩასვამადა ამ “ზილში” და მიიყვანდა ქართულ საგუშაგომდე. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მალხაზ კაკაშვილის ნათქვამის მიხედვით, აპრილის ბოლოს თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ ზემო არცევში, სადაც დახვდათ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი უჩა საბაშვილი, რის შემდეგაც 2 რუს ოფიცერთან ერთად გადაიყვანა ორჯონიკიძეში. იქ შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მას თან ახლდა ერთი ქართველი და 2 რუსი პიროვნება. ამის შემდეგ ოქრუაშვილმა მათ დაავალა ადმინისტრაციულ საზღვრებზე მყოფი ქართველი პოლიციელების კოორდინატების დადგენა. ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად შემოსვლას, სადაც დახვდებოდა 20-მდე შეიარაღებული ქართული ჯგუფი, რის შემდეგ უნდა განეხორციელებინათ საგუშაგოების განიარაღება. ამის შემდეგ, კაკაშვილის თქმით, ისინი აპირებდნენ გორში მდებარე სპეცრაზმისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაზე თავდასხმას.”

„ის, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, “ზილზე” და ქინძის დათესვაზე, არის ანეგდოტი“,–აცხადებს კიწმარიშვილი. ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის სატელეფონო საუბარზე ამბობს, რომ  ვანო მერაბიშვილმა უნდა დაამტკიცოს  საუბრის აუთენტურობა.

რაც შეეხება დაკავებულების აღიარებით ჩვენებებს, კიწმარიშვილის განცხადებით, ეს ჩვენებები დაკავებულებმა მაშინ მისცეს, როდესაც მათ არ ჰყავდათ ადვოკატი. „ყველამ იცის, როგორ ექცევიან ციხეში ადამიანებს“, ამბობს ეროსი კიწმარიშვილი და აცხადებს, რომ ჩვენებები ძალისმიერი მეთოდებით მისცეს დაკავებულებმა.

ეროსი კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს და იმეორეს, რომ 25 მაისისთვის ოქრუაშვილს ჩამოსვლა იმ მიზეზით გადააფიქრებინეს, რომ ოპოზიციაში ერთიანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

დღესვე ქართული პარტიის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პარტიაში განაცხადეს, შეხვედრა არის დახურული და კომენტარი არ გაკეთდება. კიწმარიშვილი ამბობს, რომ შეხვედრისას დიპლომატიურ კორპუსს დაკავებულების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი