ახალი ამბები

დღეს პარლამენტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე იმსჯელებს

11 მარტი, 2016 • 1529
დღეს პარლამენტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე იმსჯელებს

დღეს, 11 მარტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ზურაბ ჯაფარიის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს, რომლის მიზანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახური;  გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; – საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს; – იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური; – აღარ იარსებებს სავალდებულო სარეზერვო სამსახური; – თვითმმართველობებში გაუქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; – სამხედრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით; – ხელი შეეწყობა საქართველოში სამხედრო-პროფესიული არმიის შექმნას და საქართველოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლებას.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

“სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულები ვერ მიიღებენ შემოსავლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით,  სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან 2014 წელს სახელმიწფო ბიუჯეტის შემოსავალმა შეადგინა  1,240,942.70 ლარი, თვითმმართველი ერთეულების და ავტონომიური რესპუბლიკების შემოსავალმა – 135,660.30 ლარი. სულ – 1,376,603.00 ლარი. შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე იქნება დაახლოებით 1 377 000 ლარი.”

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ის  შემცირდება:

“სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნება გათვალისწინებული ხარჯები თვითმმართველობებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. მოქალაქეთა აღრიცხვისთვის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის. მაგ: სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ გაიწევა ხარჯი – სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებისთვის 1 000 000 ლარის ოდენობით,”- აღნიშულია განმარტებით ბარათში.

ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

კანონპროექტს  1 საათზე თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში (ოთახი 211) განიხილავენ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განხორციელდება 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გასაწვევთა  რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 3183 წვევამდელით, აქედან უშუალოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 1000 წვევამდელს გაიწვევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი