ახალი ამბები

ვის არ სურს პარლამენტის შენობის გადატანა ქუთაისში

22 ივნისი, 2011 • • 1199
ვის არ სურს პარლამენტის შენობის გადატანა ქუთაისში

21 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანის საკითხი. პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობა დასაწყისშივე გამოეხმაურა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, არ განეხილათ აღნიშნული კანონპროექტი, რადგან რეგლამენტის და პროცედურის დარღვევით ხდებოდა. მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ პროექტს თან არ ახლავს ფინანსური გაანგარიშება.

 

ქართული “ნოუ ჰაუ” უწოდა ქრისტიან დემოკრატების წევრმა, ლევან ვეფხვაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის დედაქალაქიდან გადატანას და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვადასხვა ქალაქში განთავსებას.

მან საპარლამენტო უმრავლესობას განსახილველად ორი თემა შესთავაზა: “ან ქუთაისი გადავაქციოთ პოლიტიკურ ცენტრად და პარლამენტთან ერთად იქ მთავრობაც გადავიტანოთ, ან შემოვიღოთ 2–პალატიანი პარლამენტი, რომლის ზედა პალატა– სენატი განთავსდება ქუთაისში, ხოლო მთავრობა და პარლამენტის ქვედა პალატა–რესპუბლიკის საბჭო დარჩება თბილისში”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ამ ცვლილებით ჩნდება კითხვა –  საქართველოს დედაქალაქი მომავალში კონსტიტუციურად  უნდა იყოს თბილისი, თუ სხვა ქალაქი? მისი თქმით, ეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთპიროვნული გადასაწყვეტი არ არის, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის პოლიტიკურ ცენტრად დარჩენის საკითხს. გიორგი თარგამაძის აზრით, საკითხი უნდა დადგეს რეფერენდუმზე და საქართველოს მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი უნდა იყოს თბილისი, თუ სხვა ქალაქი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა რეგლამენტის დარღვევით არ ხდება. ის ფაქტი, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას ბიუჯეტის არც საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს და არც ხარჯვითზე, ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან ყველა ის ხარჯი, რაც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობასთანაა დაკავშირებული, ადრე მიღებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში, ფაქტობრივად, უკვე გათვალისწინებულია.

თუ რა თანხასთან არის დაკავშირებული საკანონმდებლო ორგანოს გადატანა, სხდომაზე გაურკვეველი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი