ახალი ამბები

14 მილიონი დაზიანებული გზის აღსადგენად

21 ივნისი, 2011 • • 1119
14 მილიონი დაზიანებული გზის აღსადგენად

მეწყერის შედეგად რამდენიმე დღის წინ რიკოთის უღელტეხილზე დაზიანებული გზის მონაკვეთის სრულად აღდგენისათვის 14 მილიონი ლარი იქნება საჭირო.   ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრემიერმინისტრ ნიკა გილაურს განუცხადა. მან პრემიერმინისტრს   ბოლო დღეებში საქართველოში  მომხდარი სტიქიური უბედურებების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, აღდგენითი და გზის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოში სულ 25 ადგილზე მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, აქ საავტომობილო გზა და ინფრასტრუქტურა მეწყერამდელ მდგომარეობას 10 დღეში დაუბრუნდება. მინისტრის თქმით, რიკოთის უღელტეხილი რეგიონში ტვირთბრუნვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, ამიტომ აქ აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გზის აღდგენაზე აქ 1400 ადამიანი და 400 ერთეულზე მეტი ტექნიკა მუშაობს.

ჯერჯერობით, მთავრობაში არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია,  ჯამში რამდენს შეადგენს საქართველოს რეგიონებში სტიქიით მიყენებული ზარალი. ამის შესახებ ხვალ, გუბერნატორების თათბირის შემდეგ გაირკვევა. ნიკა გილაურის ინფორმაციით, გუბერნატორთა შეხვედრას ფინანსთა ახალი მინისტრი – დიმიტრი გვინდაძეც დაესწრება, რათა აღდგენითი სამუშაოებისა და ზარალის აღმოფხვრისთვის ფინასების გამოყოფაზე იმუშაოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი