ახალი ამბები

ომარ ნიშნიანიძე: თუ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები, ეს ცუდი არ იქნება

10 მარტი, 2016 • 1482
ომარ ნიშნიანიძე: თუ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები, ეს ცუდი არ იქნება

“თუ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები, ეს ცუდი არ იქნება,”- ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ განუცხადა.

ომარ ნიშნიანიძის განმარტებით, “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ:

“ამაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი, თუმცა, თუ მაჟორიტარობის სამ კანდიდატზეა საუბარი, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე და იმისგან გამომდინარე, რომ  ათეული წლებია ქუთაისში ვმოღვაწეობ, იქ ვსაქმიანობ, იქ მაქვს ჩემი ძირითადი ასპარეზი, ეს ცუდი არ იქნება, ასე ვფიქრობ, თუმცა ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის.”

დეპუტატი აცხადებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში ქუთაისში მაჟორიტარის ფუნქციებს გარკვეულწილად ითვისებდა:

“იმიტომ, რომ უამრავ ნაცნობს ყოველდღიურად ვიღებდი, ვაკვალიანებდი, ვეხმარებოდი. ასე რომ, გარკვეულად ვასრულებდი კიდეც ამ ფუნქციას და თუ იქნება ეს[მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელება], არ იქნება ცუდი.”

კითხვაზე, მისი ეს განცხადება ნიშნავს თუ არა, რომ გუბაზ სანიკიძე არასრულფასოვნად ასრულებს ქუთაისის მაჟორიტარის ფუნქციებს, დეპუტატი პასუხობს:

“არა, გუბაზი როგორ ვერ ასრულებდა, მაგრამ ის შედარებით უფრო სხვა მოვალეობას ასრულებდა. ის [დიასპორისა და კავკასიის საკითხთა]კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ახლა ვიცე-სპიკერი არის, უფრო მეტად თბილისში იმყოფება და მე რახან ქუთაისში ვარ, იქ ჩემი სახლი, კარი, სამუშაო კაბინეტი მაქვს, ამიტომ უფრო ხშირად მე მიკავშირდებოდნენ. ახლა მე უფრო ქუთაისელი ვარ, ვიდრე გუბაზი. თუმცა ამით გუბაზს არ ვაკნინებ, პირიქით.”

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი