ახალი ამბები

დასუფთავების გადასახადი სავარაუდოდ ძვირდება

21 ივნისი, 2011 • 1258
დასუფთავების გადასახადი სავარაუდოდ ძვირდება

თბილისის მერია დასუფთავების ახალი გადასახადის და ადმინისტრირების ინიციატივით გამოდის. ინიციატივა უკვე შევიდა საკრებულოში.

მოსალოდნელი ცვლილებების  შესახებ ინფორმაცია დღეს ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიის წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრია. სამუშია აცხადებს, რომ მან ცვლილებების პროექტის უკან გაწვევა მოითხოვა, რადგან “უსამართლოა”.

სამუშიას ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს დასუფთავების გადასახადის მიბმას ელექტროენერგიის გადასახადთან და ტარიფის დადგენას დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით.  ერთ  კილოვატ დახარჯულ ელექტროენერგიაზე გათვალისწინებულია 0.05 ლარი დასუფთავების გადასახადი. შგახსენებთ, თბილისში ელექტროენერგიის საფასურია 0.17 ლარი   ერთ კილოვატ ელექტროენრგიაზე.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუკი ერთი ოჯახი თვეში დახარჯავს 100 კილოვატ ელექტროენერგიას, მისი დასუფთავების გადასახადი 5 ლარი გამოვა. 300 კილოვატის შემთხვევაში– 15 ლარი.

2011 წლის დასაწყიში დასუფთავების ახალი ტარიფი შევიდა ძალაში და დღემდე  ერთ სულ მოსახლეზე 2.50 ლარია. გასულ წელს ეს ტარიფი 1.25 ლარს შადგენდა.

“მე შეიძლება კონდიციონერს ვიყენებ ზაფხულში და ამიტომ ვხარჯავ ბევრ ელექტროენერგიას. რა კავშირშია ეს დასუფთავებასთან, რატომ უნდა განისაზღვროს ასე ტარიფი?” – ამბობს სამუშია და ამგვარად განმარტავს მოსალოდნელი ცვლილებების უსამართლობას.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებების პროექტში ცვლილებების მიზანშწონილობა დასაბუთებულია იმით, რომ ტარიფის განსაზღვრის ასეთი წესი დადებითად აისახება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გასული არიან თბილისიდან, ან იმყოფებიან საზღვარგარეთ, ან გაქირავებულ–დაგირავებული აქვთ საცხოვრებელი.

ქრისტიანულ–დემოკრატიული პარტიის წევრისთვის ასევე გაუგებარია, რატომ უნდა ჩართოს დასუფთავების გადასახადის განსაზღვრაში თბილისის მუნიციპალიტეტმა კერძო კომპანია– თელასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი