ახალი ამბები

საგარეო უწყება ფურნიეს განცხადებას გამოეხმაურა

20 ივნისი, 2011 • • 1036
საგარეო უწყება   ფურნიეს განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს მიერ ჟურნალ ”თბილისელებისთვის” მიცემული ინტერვიუ შეაფასა და განაცხადა, რომ ”გასაკვირი იქნებოდა[ელჩს], თუ ამ ტიპის განცხადების გაკეთების მცდელობა ჰქონდა.”

ჟურნალმა “თბილისელებმა” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუ საფრანგეთის ელჩთან.  “თბილისელების” ჟურნალისტის კითხვაზე, “გრძნობს თუ არა იგი პასუხისმგებლობას 2008 წლის 8 აგვისტოს ომისა და იმის გამო, რომ ბუქარესტში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება, ფაქტობრივად, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა”, ფურნიემ უპასუხა:

“ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი) და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას,”-უპასუხა ფრანგმა დიპლომატმა ჟურნალისტს.

ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე თქვა, რომ ელჩთან პირადი გასაუბრების გარეშე შეუძლებელია რაიმე შეფასების გაკეთება. ”სანამ ელჩს არ ვკითხავთ, თუ რა იგულისხმა, ძალიან ძნელია შეფასების გაკეთება,”-განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, საფრანგეთს აგვისტოს ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დაკისრებული და ელჩის ეს განცხადება მით უფრო გასაკვირი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი