ახალი ამბები

ევროსაბჭო: საქართველოს ციხეებში 2014 წელს პატიმართა რაოდენობა გაიზარდა

9 მარტი, 2016 • 2263
ევროსაბჭო: საქართველოს ციხეებში 2014 წელს პატიმართა რაოდენობა გაიზარდა

ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ყოველწლიური სტატისტიკა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა 2015 წლის იანვარში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

ევროსაბჭოს სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის 1 იანვარს საქართველოში 9 093 პატიმარი იყო, 2015 წლის 1 იანვარს კი 10 372.

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ 2015-ში პატიმართა რაოდენობა არ გაზრდილა. მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ პატიმარა რაოდენობა გაიზარდა 2014 წლის დეკემბერში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით, 2015 წლის დეკემბერში კი ეს რაოდენობა შემცირდა.

სამიისტროს განცხადებით, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა – 9 093 იყო; 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  – 10 372, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი – 9 716.

“აღნიშნული მონაცემი ყოველდღიურად ცვალებადია და სამინისტრო ყოველდღიურ სტატისტიკას აწარმოებს. საქართველოს მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხარდაჭერით მუდმივად ზრუნავს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე, რათა შემცირდეს პატიმართა რაოდენობა და დაინერგოს ზედამხედველობისა და კონტროლის თანამედროვე მექანიზმები (შინაპატიმრობა),”- აცხადებს სამინისტრო.

ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ციხის სიმჭიდროვეზეც. კერძოდ, 2014 წლის იანვარში ციხეებში ყოველ 100 ადგილზე სიმჭიდროვის მაჩვენებელი იყო 42.5, 2015 წლის იანვარში კი – 47.8.

მასალების გადაბეჭდვის წესი