ახალი ამბები

“ქართული პარტიის” განცხადება “ერთმორწმუნე ოკუპანტებზე”

20 ივნისი, 2011 • 1058
“ქართული პარტიის” განცხადება “ერთმორწმუნე ოკუპანტებზე”

«საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი „ერთმორწმუნე“ რუსი დამპყრობლები რელიგიურ ღირებულებებსაც არ უწევენ ანგარიშს და სალოცავად წასულ ადამიანებს აპატიმრებენ», ნათქვამია «ქართული პარტიის» მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც პარტია 18 ივნისს ონის რაიონში მცხოვრები 10 მოქალაქის დაკავებას გამოეხმაურნენ.

«შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა მსგავსი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შემუშავება და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის ავანტიურისტულმა და გაუწონასწორებელმა ქმედებებმა განაპირობა ქვეყნის შუაგულში საოკუპაციო რეჟიმის არსებობა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას, ისე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას», ნათქვამია განცხადებაში.

.„ქართული პარტია“ გმობს «რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მორიგ პროვოკაციულ ქმედებას და მოითხოვს დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას».

პარტია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩაერთოს 18 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში და ადეკვატური შეფასება მისცეს მომხდარს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 18 ივნისს ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლე: ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი დააკავეს.

“ქართველები და ოსები რელიგიურ დღსასწაულ საჯვარეობას საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავენ, ხოლო სალოცავები, რომელთაც დღსასწაულისას მოსახლეობა სტუმრობს, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ოკუპანტებმა ზემოაღნიშნული პირები დღესასწაულისას წმინდა გიორგის სალოცავების სიახლოვეს დააკავეს. პირველადი ინფორმაციით, დაკავებული პირები ცხინვალში არიან გადაყვანილები”, – ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი