ახალი ამბები

ევროკომისარი: ვიზის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს

9 მარტი, 2016 • 1513
ევროკომისარი: ვიზის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს

ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას სავარაუდოდ ზაფხულიდან შეძლებენ:

“ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მზად იქნება ზაფხულისთვის, ამისთვის დაახლოებით 3-4 თვე არის საჭირო,”- აღნიშნა ავრამოპულოსმა.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლებას არ ანიჭებს:

” მე ველი იმ დღეს, როცა საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შემოსვლას. ახლა ეს წინადადება მინისტრთა საბჭოს და ევროპის პარლამენტს გადაეცემა, რომლებიც, ვიმედოვნებ,  რომ მალე დაამტკიცებენ ამ წინადადებას. შემდეგ  კი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი გააჩნიათ,  შენგენის სივრცეში მოგზაურობა უვიზოდ  90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.”

დღეს, 9 მარტს  ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარსდგა. შესაბამისი დოკუმენტი უკვე ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

დიმიტრის ავრამოპულოსი, ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საუბრობს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციაზე. 09/03/2016, ბრიუსელი. ფოტო: © European Union , 2016 / Source: EC - Audiovisual Service

დიმიტრის ავრამოპულოსი, ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საუბრობს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციაზე. 09/03/2016, ბრიუსელი. ფოტო: © European Union , 2016 / Source: EC – Audiovisual Service

 

მასალების გადაბეჭდვის წესი