ახალი ამბები

ბათუმში “სახალხო კრების” აქტივისტი დააკავეს

17 ივნისი, 2011 • 1088
ბათუმში “სახალხო კრების” აქტივისტი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში “სახალხო კრების” ახალგაზრდა აქტივისტი, 23 წლის ცოტნე ანანიძე დააკავეს. “საია”-ს ბათუმის რეგიონალური ორგანიზაციის ოფისის ინფორმაციით, სასამართლოს  ხვალ დილამდე აქვს დრო, იმსჯელოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალს 21 მაისს აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო წაუყენებენ.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ანანიძის ინტერესებს სამი ადვოკატი: მედეა ვასაძე, ედიშერ მახარაძე და გია ქარცივაზე დაიცავს. დღეს მათ ანანიძე მოინახულეს, თუმცა ამ დროისთვის სამივე მათგანის ტელეფონი გამორთულია.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ცოტნე ანანიძის ბიძაშვილს, რომელმაც კომენტარისგან თავი შეიკავა.

ანანიძე დაკითხვაზე გუშინ  დაიბარეს და  დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, რომელიც აჭარის ტელევიზიასთან აქციის დაშლის დღეს იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ინფორმაციას მათი უწყებიდან მხოლოდ  პრესსამსახური ავრცელებს. ამ დრომდე პოლიციის ვებ–გვერდზე ცოტნე ანანიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ განთავსებულა.

“სახალხო კრების”  აქტივისტებს – გოჩა მუხაშავრიას, ვახტანგ სიორიძეს, დიმიტრი ჭეიშვილს, ანზორ სოლომონიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, დავით ფარტენაძეს და ტარიელ ფუტკარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლით (ტელერადიო მაუწყებლობის ბლოკირება, ხელში ჩაგდების მცდელობა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა) წაუყენეს, რაც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ: „21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა სახის საგნები ესროლეს და დააზიანეს ტელევიზიის შენობა.

აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ. მაშინ აქციის მონაწილეებმა  მედიის წარმომადგენლებთან განაცხადეს, რომ ქვები სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ისროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი