ნეტგაზეთი | კალაძის მტკიცებით, მთავრობამ ტარიფების შემცირებაზე გაცემული დაპირება შეასრულა კალაძის მტკიცებით, მთავრობამ ტარიფების შემცირებაზე გაცემული დაპირება შეასრულა – Netgazeti

კალაძის მტკიცებით, მთავრობამ ტარიფების შემცირებაზე გაცემული დაპირება შეასრულა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, თუ აზერბაიჯანი საკმარისს გაზს ვერ მოგვაწოდებს, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოს უზრუნველყოფა “გაზპრომის” საშუალებით მოხდეს. ეს განცხადება  მინისტრმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშს ისმენენ:

“მე ამას ეკონომიკურ ჭრილში ვუყურებ. თუ ჩემს ქვეყანას, ჩემს ქვეყანაში მცხოვრობ ადამიანებს დასჭირდებათ დამატებითი მოცულობები და არ გვექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან შემოვიტანოთ გაზი, მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ, რომ საქართველოს უზრუნველყოფა მოხდეს თუნდაც “გაზპრომიდან” ნაყიდი გაზით. ”

მისივე თქმით,  “ძალიან ცუდი იქნება, თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ “გაზპრომი”, ეს ცუდი იქნება.”

კალაძე ამტკიცებს, რომ 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ტარიფების განახევრებაზე მას არ უსაუბრია:

” ჩვენ მოვახერხეთ, რომ 4 თეთრით შეგვემცირებინა ელექტროენერგიის საფასური ისე, რომ ეს კომპანიებისთვის არ ყოფილიყო პრობლემა და წინასაარჩევნო დაპირებაც ყოფილიყო შესრულებული. ჩვენი მხრიდან, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ვიდეომასალას, სადაც მე გამოვდიოდი და ვსაუბრობდი ტარიფების განახევრებაზე, ასეთი ისტორიაში არ ყოფილა. ”

კალაძე ამბობს, რომ აშშ დოლარი ლართან მიმართებაში გამყარდა და ტარიფების გადახედვა ამან გამოიწვია:

“დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში გამოიწვია გარკვეული პრობლემები ენერგეტიკის დარგში. მე ამაზე ღიად ვსაუბრობდი, დასამალი არაფერია. ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება იყო გარდაუვალი.  თუ ეს არ მოხდებოდა, შეიძლებოდა მომავალი წლების განმავლობაში ენერგეტიკა ჩამოშლილიყო.  წინასაარჩევნოდ რა პირობაც იყო გაცემული ტარიფების შემცირებაზე, ეს ჩვენ მოვახერხეთ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა,”- აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივი აირი მიიღოს “სოკარიდან”, შაჰდენიზიდან და თეორიულად შესაძლებელია -ირანიდანაც.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.