ახალი ამბები

“მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახური შევიდა

7 ივნისი, 2011 • 1393
“მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახური შევიდა

მედიაპალიტრისსაინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ბაია ცანავას ინფორმაციით, ამ ჰოლდინგის 6 შპს-ში, დღეს შემოსავლების სამსახურმა არაგეგმური შემოწმება დაიწყო. ბაია ცანავას ინფორმაციით, მედიაპლიტრისსამსახურებში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო.

როგორც მედიაპალიტრისსაინფორმაციოს ხელმძღვანელი აცხადებს, უკვე დალუქულია პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობაპალიტრა L”-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობები.

მედიაპალიტრის ერთ-ერთი საიტი – პალიტრატვ.გე 26 მაისის აქციებს ოპერატიულად აშუქებდა. დარბეულ აქციაზე ადამიანის გარდაცვალების დამადასტურებელი ვიდეო მასალა პირველად სწორედ ამ ინტერნეტ ტელევიზიამ გაავრცელა.

26 მაისის აქციები აქტიურად გააშუქა მედიაპალიტრის კიდევ ერთმა გამოცემამ – საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“.

ბაია ცანავას ცნობით, 26 მაისის აქციების დარბევის დროს მედიაპალიტრის სამი ჟურნალისტი –  მალხაზ ჭკადუა, დარეჯან პაატაშვილი და ავთანდილ სურმავა სცემეს. მალხაზ ჭკადუას პოლიციამ რამდენიმე საათით ხელბორკილებიც კი დაადო.

26 მაისის აქციის დარბევის ღამეს პოლიციამ მედიაპალიტრას სამი ვიდეო კამერა წაართვა.

ინტერნეტ-ტელევიზია “პალიტრა-TV-ის” მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს თავის, სახის და ზურგის არეში ხელს და მუშტებს, ასევე გულმკერდის არეში და ზურგში – ხელკეტს.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, შემოსავლების სამსახურში მათ განუმარტეს, რომ შემოწმების პროცესში “მედიაპალიტრის” ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება. 
როგორც “ინტერპრესნიუსს” შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნუგზარ წულუკიძემ განუცხადა, “მედიაპალიტრაში” გეგმიური შემოწმება ხდება, დღეს კი წინმსწრები პროცედურა მიმდინარეობს, რაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს.
მისი თქმით, “მედიაპალიტრის” საწყობები არ დალუქულა და არც მათი ფუნქციონირება შეფერხდება.

“პროცესი არ შეგვიფერხებია, როდესაც ობიექტმა დაასრულა ფუნქციონირება, მაშინ დაიკეტა. ეს პროცედურა არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა წულუკიძემ. თუმცა, “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ გამომცემლობა “პალიტრა L”, ქაღალდის და სტამბის საწყობები ამ დროისთვის დალუქულია.

ნუგზარ წულუკიძის განმარტებით კი, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შემოწმება – ინვენტარიზაცია, წინასწარ შეტყობინებას არ ითვალისწინებს.

“რაც შეეხება დოკუმენტურ რევიზიას, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გაკეთებულია და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველგან. ზოგადად, მიმდინარეობს შემოწმებები და არა მხოლოდ “მედიაპალიტრის” შემთხვევაში”, – დასძინა წულუკიძემ, რომლის მტკიცებითვე, “მედიაპალიტრის” ნებისმიერ საწყობს მაშინვე მიეცემა მუშაობის საშუალება, როგორც კი ამის სურვილი ექნებათ.

“ეს არ არის დალუქვა”, – ხაზგასმით აცხადებს წულუკიძე და განმარტავს, რომ საწყობები დროებით დაიხურა იმ წუთამდე, რა დრომდეც მისი ფუნქციონირება იქნება საჭირო.
რამდენიმე წუთის წინ ნუგზარ წულუკიძე გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ერთ-ერთ საწყობთანაც მივიდა, სადაც განაცხადა, რომ რაც ამ ტერიტორიაზე ხდება, არის მარტივი პროცედურა. მისი განმარტებით, “ბუღალტრული მონაცემები უნდა შედარდეს არსებულ ნაშთს და ახლა სწორედ ეს პროცედურა მიმდინარეობს”.

მისივე მტკიცებით, დაკეტილი ობიექტები უახლოეს მომავალში გაიღება. როგორც წულუკიძე აცხადებს, ეს არის გეგმური შემოწმება. მისი თქმით, როგორც კი წარმოდგენილი იქნება ბუღალტრული ნაშთი, ნაშთის მონაცემები, ობიექტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დღეს “მედიაპალიტრის” ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. ამ დროისთვის დალუქულია წიგნების გამომცემლობების, სტამბების და პოლიგრაფიული მასალების საწყობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი