დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს უსმენენ.
მინისტრი დეპუტატებს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ აბარებს ანგარიშს:
“ჩვენ ვისაუბრებთ ენერგეტიკაში განხორციელებულ პროექტებზე, თუ რა გავაკეთეთ ამ დროის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით. ასევე, დაგეგმილ პროექტებს, სამომავლო გეგმებს გავაცნობ,”- განაცხადა კალაძეს სხდომის დაწყებამდე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ “თავისუფალი დემოკრატებს” დივერსიფიკაციის და ენერგოუსაფრთხოების საკითხები აინტერესებთ:
“მე მაინტერესებს, რომელ სიმართლეს უნდა დავუჯეროთ. იმას, რომ საქართველოს რესურსები არ ჰყოფნიდა და გაზპრომთან უნდა გაგვეგრძელებინა ურთიერთობა, თუ იმ სიმართლეს, რომელიც ბოლოს გავიგეთ, რომ სოკარს გაზის მოწოდების საშუალება ჰქონდა,”- აცხადებს დოლიძე და აღნიშნავს, რომ ევროპის ენერგოგაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვნად ჩართვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
