საზოგადოება

ჰკითხეთ ბავშვებს ანუ შეწყვეტილი დღიური

13 მაისი, 2011 • 4364
ჰკითხეთ ბავშვებს ანუ შეწყვეტილი დღიური

ამას წინათ  რომელიღაც არხზე საინფორმაციო გადაცემაში ყური მოვკარი: სახელმწიფო საბავშვო სახლები გაუქმდება და ოჯახს, რომელიც ბავშვს აიყვანს  გასაზრდელად და  აღსაზრდელად,  500 ლარს  მისცემენო. არ ვიცი, ერთჯერადად თუ თვეში ერთხელ 18 წლამდე.  ორივე შემთხვევაში ზედმეტი  არ იქნება იმ ოჯახისთვის, რომელსაც ბავშვზე ზრუნვა უნდა,  მაგრამ   როგორ  ოჯახებს ექნებათ ბავშვის აყვანის უფლება   და როგორ  იქნება ბავშვის ნება გათვალისწინებული, ეს  მნიშვნელოვანი  ინდიკატორებია.   უფრო საჭირო და საინტერესოა.

ბავშვთა  უფლებები ის უფლებებია, თავისუფლებაა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, ვიდრე ის ბავშვად იწოდება, ანუ  18 წლამდე, მიუხედავად  რასობრივი,  სქესის, ენის, რელიგიის, დაბადების ადგილის, ნაციონალური ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და  წოდებრივი მდგომარეობისა.

ბავშვთა უფლებების ასეთი განსაზღვრება ადამიანის უფლებების დეკლარაციის იდეიდან  გამომდინარეობს. დეკლარაციაში ცალკე მუხლია  ბავშვთა უფლებების შესახებ. იქვეა აღნიშნული, რომ დედობა და ბავშვობა “ უფლებამოსილებაა განსაკუთრებულ მზრუნველობასა და დახმარებაზე“. აღიარებს რა ბავშვის სხვადასხვა უფლებასა და თავისუფლებას, რაც დეკლარაციაშია მოცემული, ამასთანავე, საერთაშორისო თანამეგობრობა ბავშვებისთვის დახმარებისა და მათი თანადგომის  ვალდებულებასაც  ითვალისწინებს.

ანუ გადაწყვეტილება, რომ ხუთასი ლარით დაეხმარება სახელმწიფო იმ ბავშვს, რომელსაც ოჯახი  იშვილებს, კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ხუთასი ლარით ყველა ახალშობილს  და მათ დედებს დაეხმარება, ანუ დედას საშუალებას მისცემს, შვილი აღზარდოს, რაც უკვე თავისთავად პრევენტული ქმედებაა, რომ  ნაკლები ბავშვი მოხვდეს ბავშვთა სახლში ან  გაშვილება არ დასჭირდეთ და საკუთარ ოჯახში აღიზარდონ.

დღეს ბავშვთა უფლებების კონცეფციის განვითარებამ ბავშვთა უფლებები ცალკე სამართლებრივ კატეგორიად გარდაქმნა. ამასაც ისტორია აქვს -საერთაშორისო  საზოგადოებრივი აზრის და კანონმდებლობის ევოლუციის ისტორია.

საუკუნის დასაწყისში, როგორც წესი, ბავშვების  უფლებების დაცვა სამ სფეროში – არასრულწლოვნების შრომის, ტრეფიკინგის და პროსტიტუციის  –  არსებული პრობლემატიკის  ჩარჩოში განიხილებოდა.  ბავშვის ჯანმრთელობა და   უფლებები  რომ  ყოფილიყო დაცული, ერთა  ლიგამ 1924 წელს  ჟენევის დეკლარაცია მიიღო.  აღვნიშნავთ,  რომ თავდაპირველი  დეკლარაცია  ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით მათი უფლებების დასაცავად ჯერ კიდევ როდის შეიქმნა, მაგრამ  ამ მხრივ საქართველო ძალიან წინაც არ გაჭრილა და ეს პრობლემა უკან არ მოუტოვებია. თუ ოდესღაც სტამბულის ბაზრობაზე ბავშვები გამჭვირვალედ ყველას დასანახად  იყიდებოდნენ, დღეს ბავშვებით ფარული  საერთაშორისო ვაჭრობა მოსულა, თუმცა,  მაშინდელისგან  რაოდენობრივი და ასაკობრივი განსხვავებით. ხოლო ბავშვის შვილების ადგილობრივ  მსურველებს საკმაოდ რთული და გაუგებარი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ.

 

1934 წლიდან  1959 წლამდე  კანონიერი წინსვლა არ მომხდარა და მხოლოდ ამ წელს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  მიიღო ის დეკლარაცია, რომელშიც მკვეთრად განისაზღვრა სოციალური და უფლებრივი პრინციპები ბავშვების დასაცავად და მათი  კეთილდღეობისათვის. დეკლარაციაში წერია : „იმის გამო, რომ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად ჯერ მოუმწიფებელია, მას ესაჭიროება სპეციალური დაცვა და მზრუნველობა, მათ შორის უფლებრივი დაცვა, როგორც დაბადებამდე, ასევე დაბადების შემდეგ“. ამ დეკლარაციამდე მსოფლიოს საკმაოდ ბევრი მაგალითი ჰქონდა, რათა ფორმულირებაში ჩაეწერა : „დაბადებამდე და დაბადების შემდეგ“.

1924 წლიდან 1959 წლამდე ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო მოუმწიფებლობას დავაბრალო, თუ  საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულის  უცოდინრობას, არ ვიცი , მაგრამ  როცა ნიუნბერგში ფაშიზმი გასამართლდა, ბრალდებამ ცალკე მუხლად წამოაყენა თუ არა ბავშვთა უფლებების დარღვევა ?!  ამ შემთხვევაში სიტყვა „დარღვევას „მხოლოდი ურიდიული ტერმინის მნიშვნელობა აქვს, თორემ იმას,  რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, ამ სიტყვით ვერ გამოხატავ. რომელიმე  ბრალმდებელმა რომელიმე და ერთაშორისო სასამართლოზე  ბავშვთა უმთავრესი უფლების  დარღვევაში დასდო ვინმეს ბრალი?  ანა ფრანკის დღიური რომ  1943 წელს წყდება  და მისი   და სხვა  უამრავი ბავშვის სიცოცხლე  უფროსი ადამიანების სისასტიკემ შეიწირა,  ამგვარ ბრალდებას უპასუხა ვინმემ და  ამ დანაშაულზე პასუხიმგებლობა ვინმემ იკისრა ?!

1970 წელს კი საერთაშორის საზოგადოებამ  გადაწყვიტა, რომ მხოლოდ დეკლარაციული პრინციპები საკმარისი არ არის. საჭირო გახდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული ნორმების საფუძველზე  გაამყარებდა დედათა და ბავშვთა  უფლებების დაცვას. ამ მიზნით 1974 წელს  მიღებულ იქნა განსაკუთრებულ პირობებში მყოფი და შეიარაღებული კონფლიქტების დროს   ქალებისა და ბავშვების დაცვის დეკლარაცია;

წინა აბზაცის  შეკითხვები მხოლოდ რიტორიკულად  რომ არ დარჩეს და ისტორიული პათეტიკის არომატი არ შერჩეს, დროით, სივრცით და გულთან ახლო წარსულის მაგალითზე მოგახსენებთ. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად  სამაჩაბლოდან დევნილებს როცა ახსენებენ, აზრად მოსდის ვინმეს, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევა  ცალკე ბრალდებად გამოყოს?!  სად არის აღნიშნული იმ უფლებების დარღვევის შესახებ, რომელთა თავისუფლებასა და დაცვას რუსეთი აღიარებს, როგორც საერთაშორისო სუბიექტი. ახლა უკვე  თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ  სახელმწიფო საქართველო ვალდებულიცაა, ეს პუნქტი – ბავშვთა უმთავრესი უფლების, სიცოცხლის უფლების დარღვევა ბრალად წაუყენოს რუსეთს.  აფხაზეთიდან დევნილებიდან ბევრს, ახლა უკვე მოზრდილთ,  სრული პასუხი შეუძლიათ გასცენ შეკითხვას -დაირღვა თუ არა მათი უფლებები.

და თუ დეკლარაციაში  ჩაწერილი  „დაბადებამდე და დაბადების შემდეგ“ საკმარისი არ აღმოჩნდა,   1970 წლიდან  შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვთა დაუცველობის პუნქტიც ხომ იქნა შეტანილი და  1986 წელს  დეკლარაციაში კი ხაზგასმით ჩაიწერა  სოციალური და უფლებრივი პრინციპების შესახებაც, რომელიც მათ დაცვასა და  უზრუნველყოფას  ეხება, განსაკუთრებით   ეროვნულ (  იმავე სახელმწიფოში) და საერთაშორისო( სხვა სახელმწიფოში ) დონეზე მათი  გაშვილების დროს.

მხოლოდ 1989 წელს გაერთიენებული ერების ადამიანთა უფლებების კომისიაში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტის ათწლიანი შრომის შედეგად  საბოლოოდ დამუშავდა ტექსტი ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელშიც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული საზოგადოებაში ბავშვის ცხოვრების ყველა მხარე. ამ დოკუმენტს დაერქვა : ბავშვთა უფლებების კონვენცია და გაერთიანებული ერების ასამბლეამ მიიღო 1989 წლის 20 ნოემბერს.  და  ვინაიდან საქართველო 2001 წელს დანარჩენ 190 სახელმწიფოსთან ერთად  შეუერთდებოდა  ამ კონვენციას, აი, რისი უფლება აქვს  ბავშვს საქართველოში : სიცოცხლის და ჯანმრთელი განვითარების; შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალურობა, მოქალაქეობის, სახელის და ოჯახური კავშირების ჩათვლით; პიროვნების თავისუფლების, თავისუფალი აზრის გამოთქმის,  რელიგიის; ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის, როგორც მშობლების, ასევე მშვილებლების  ან ნებისმიერი მზრუნველისგან; ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ; ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის, სოციალური დაზღვევის ჩათვლით; არსებული სრული მოცულობით განათლების;   რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მშობლიური ენაზე საუბრის, მშობლების აღმსარებლობის მიღების;  დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისგან და ნებისმიერი, მისი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში სამუშაოსგან ; დაცული უნდა იყოს სექსუალური ექსპლუატაციისა  და შეცდენისგან; დასვენების და თავისუფალი დროის, მიიღოს მონაწილეობა ასაკის შესაფერის თამაშებსა და ღონისძიებებში.

სახელმწიფო კი ვალდებულია:  უზრუნველყოს, რომ არც ერთი ბავშვი არ იქნეს წამებული და არაადამიანური დამამცირებელი მეთოდებით დასჯილი,  საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ დაუყოვნებლივი კანონიერი დახმარება გაეწიოთ; ბავშვების უკანონო  მიგრაცია  აღკვეთოს; პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელიც იმ ბავშვთა უფლებებს განსაზღვრავს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მოხვდნენ და   ყველაფერი  იღონოს, რათა  15 წელზე უმცროსმა ადამიანებმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღონ.

დავუბრუნდეთ ისევ დასაწყისს,  ბავშვთა სახლები უნდა გაუქმდესო და ყველა ბავშვს ოჯახი უნდა ჰყავდესო. შესანიშნავია, მაგრამ, რა თქმა უნდა,  გვახსოვს  კონვენციის მე-5 პუნქტი:  ოჯახსმოკლებულ ბავშვს  უფლება აქვს, სახელმწიფოსგან მიიღოს განსაკუთრებული დაცვა და დახმარება?!

ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მონაპოვარია, რომ მას  მიენიჭა საერთაშორისო სამართლის ძალა. როგორც ყოველთვის, საქმე აღსრულებაზეა – ვინ როგორ გამოიყენებს მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი