საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის ჰომოფობიური ნიშნით სავარაუდო დევნის ფაქტს იკვლევს

25 თებერვალი, 2016 • 1755
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის ჰომოფობიური ნიშნით სავარაუდო დევნის ფაქტს იკვლევს

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სწავლობენ ჯარისკაცის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას ჰომოფობიური მოტივაციით ჯარში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ეუბნებიან.

ჯარისკაცი აცხადებს, რომ იგი გეია, რის შესახებაც ცნობილია მეთაურისთვის და ამ ნიადაგზე უარს ეუბნება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომლის ვადაც მაისში იწურება.

“მეთაური არ მაძლევს უფლებას, რომ კონტრაქტი გავაგრძელო. ამის მოტივი არის ის, რომ მე ვარ გეი. მე ჯარში არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია და ვითხოვ მფარველობას საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის მხრიდან, რათა ყურადღება მომაქციონ. მეთაურმა მითხრა, ან უნდა გადახვიდე ჩვენი [ბრიგადიდან], ან კონტრაქტს არ გაგიგრძელებთო”, – აცხადებს ჯარისკაცი.

იგი ასევე ამბობს, რომ საკონტრაქტო წესით ჯარში 6 წელია მსახურობს.

ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ აზუსტებენ ინფორმაციას, კერძოდ, მიმდინარეობს ჯარისკაცის იდენტიფიკაცია, რადგან გავრცელებულ ვიდეოში საკუთარ ვინაობას არ ასახელებს.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონმდბელობის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. ომბუდსმენის ოფისში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

“კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად”, – ნათქვამია კანონში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი