საზოგადოება

მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ – ივანიშვილის განმარტებები ხეების გადარგვაზე

25 თებერვალი, 2016 • 1881
მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ – ივანიშვილის განმარტებები ხეების გადარგვაზე

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეთანხმება მოსაზრებას, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხეების გადატანა/დარგვაზე დიდი თანხების დახარჯვა გაჭირვებულ ქვეყანაში შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს. თუმცა, როგორც ივანიშვილმა GDS-ის მიერ მომზადებულ ფილმში „ლილიოდენდრონი“  განაცხადა, ეს მისი გატაცებაა.

“კონკრეტულად რაც შეეხება ხეებს და ბუნებასთან დაკავშირებულ თემებს, როდესაც გაჭირვებულ ქვეყანაში ასეთ ხარჯებს აკეთებ… ჩემი მხარდამჭერებისა და იმ ხალხისათვის, ვინც  მე პატივს მცემენ და მეც პატივს ვცემ, განმარტებას გავაკეთებ:  მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ. არ გამაჩნია ისეთი ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა რაიმე კომფორტი, რომ მომერიდოს. მე მაქვს ეს გატაცება. არც ერთ შემთხვევაში თავს უფლებას არ მივცემ, რომ ამით ვინმე დავაზიანო. მე ვეთანხმები, ვისაც გააჩნია კითხვა, რომ შეიძლება გადაჭარბებული იყოს ის, რომ ამდენ თანხას ვხარჯავ ხეების გადატანას, დარგვასა თუ ჩამოტანაზე”, – აცხადებს ივანიშვილი.

ექსპრემიერი საუბრობს იმის შესახებ, რომ ციხისძირიდან ხეების გადატანის სამუშაოები კანონის სრული დაცვით ხორციელდება. მისი თქმით, მოწინააღმდეგეებს რეალურად ხეების ინტერესი არ აქვთ და მის ოპონირებას ცდილობენ.

“მაგაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს. ეს ნორმალურია ყველაფერში. ტყიდან და ეგეთი ადგილებიდან შეიძლება ხე გადაირგას და გაიყიდოს. საქართველოში შეიძლება ეს უპრეცედენტო იყო და ბევრი განმარტების გაკეთება გვიწევს. არავის ეგ ხე არ აინტერესებდა”, – ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე ბოლო დღეებში უფრო უკეთესი ხეები გაიჩეხა შეშის მოპოვების მიზნით.  “ეგ არავის აინტერესებს”.

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რის შემდეგაც დემონსტრანტებს პროექტის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდა და გადარგვის პროცესი დროებით შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი