საზოგადოება

„ქალს თითო ბავშვი თითო კბილის ფასად უჯდება“

25 მარტი, 2011 • 2745
„ქალს თითო ბავშვი თითო კბილის ფასად უჯდება“

საქართველოს სტომატოლოგთა და გინეკოლოგთა ასოციაციებმა დღეს კონფერენცია გამართეს, სახელწოდებით – “სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში”. კონფერენციის ორგანიზატორი იყო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი RADIX-ი.

150–მდე გინეკოლოგთან და სტომატოლოგთან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და მედიცინის დოქტორმა, ვლადიმერ მარგველაშვილმა და ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლის ხელმძღვანელმა, მეან–გინეკოლოგმა მაკა ჩქოვანმა ორსულებში სტომატოლოგიურ დაავადებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

როგორც მომხსენებლებმა თქვეს, ორსულობის დროს სტომატოლოგიური და კონკრეტულად პაროდონტოლოგიური დაავადებები ნაადრევი მშობიარობის, მცირე მასის ახალშობილის დაბადების, ან  ორსულისთვის კბილის დაკარგვის რისკებს ზრდის.

„ორსული ქალის ორგანიზმში ჰორმონები მატულობს და სისხლძარღვოვანი და ანთებითი ცვლილებები მიმდინარეობს. გარდა ამისა, პირის ღრუში იცვლება PH, რის შედეგადაც, იგივე კარიესი უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს. ზუსტად ამიტომ, ორსულებს თავიდანვე ვეუბნებით, რომ უნდა გაიარონ პირის ღრუს დათვალიერება. ჩვენთან მოსული ორსულების 95%–ზე მეტი საჭიროებს სტომატოლოგთან ვიზიტს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს  კვლევების ჩატარების საშუალება, რომ შემდეგ უკვე ნამკურნალები და არანამკურნალები ქალების მდგომარეობა შეგვეფასებინა და დასკვნები გაგვეკეთებინა, მკურნალობის შედეგად რამდენად ავიცილეთ თავი სხვადასხვა გართულებისგან “, –ამბობს ჩაჩავას სახელობის კლინიკის მეან–გინეკოლოგი, მაკა ჩიქოვანი.

თუმცა გინეკოლოგმა მაგალითად მოიყვანა აშშ–ში 2008 წელს ჩატარებული კვლევა, სადაც 35 ქალი გამოიკითხა. კვლევის მიზანი კი მშობიარობის რაოდენობისა და პირის ღრუს დაავადებებს შორის კავშირის დადგენა იყო. ჩიქოვანის თქმით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალრიცხოვანი მშობიარობა კბილის ხშირ დაკარგვასთან მჭიდრო კავშირშია.

„არსებობს ასეთი ფრაზაც გერმანიაში– „ქალს თითო ბავშვი თითო კბილის ფასად უჯდება”. თუმცა ამ კავშირის მექანიზმი ბოლომდე იდენტიფიცირებული ჯერ არ არის“, – ამბობს მაკა ჩიქოვანი.

ასევე კონფერენციაზე მოყვანილი იყო 2011 წლის თებერვალში ჩატარებული  კიდევ ერთი კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ანტიბაქტერიული სავლები საშუალებების გამოყენებამ 15%–ით შეამცირა ორსულებში პირის ღრუს დაავადებათა რისკები.

პირის ღრუს ყველაზე ხშირი დაავადება ორსულებში, როგორც სტომატოლოგებმა და გინეკოლოგებმა აღნიშნეს, გინგივიტია. ეს დაავადება ღრძილების შეშუპებითა და ჯაგრისის გამოყენების დროს სისხლდენით ხასიათდება. ორსულებში კი ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრიდან ვლინდება. აღნიშნული დაავადებიდან პაროდონტიტის ჩამოყალიბებამდე კი, როგორც სტომატოლოგები აღნიშნავენ, ერთი ნაბიჯია.

პაროდონტიტი, თავის მხრივ, შესაძლოა არა მხოლოდ კბილის ნაადრევი დაკარგვის მიზეზი გახდეს, არამედ გულ–სისხლძარღვთა  და ფილტვების დაავადებების, ნაადრევი მშობიარობისა და მცირე მასის ახალშობილების დაბადების მიზეზი გახდეს.

გარდა ამისა, პირის ღრუს დაავადებებს შორის, ორსულებში ეპულისი–კეთილთვისებიანი წარმონაქმნიც შეიძლება წარმოიშვას.

ამიტომ სტომატოლოგები და გინეკოლოგები ფეხმძიმობის დროს რისკების თავიდან ასაცილებლად, ქალებს პირის ღრუს ჰიგიენის მაქსიმალურ დაცვას, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვას, დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვას, სავლები საშუალებებისა და კბილის ძაფის გამოყენებას ურჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი