ნეტგაზეთი | სახელმძღვანელო სკოლამდელი განათლების დონის ასამაღლებლად სახელმძღვანელო სკოლამდელი განათლების დონის ასამაღლებლად – Netgazeti
Batumelebi | RU

სახელმძღვანელო სკოლამდელი განათლების დონის ასამაღლებლად

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოები, რომლებმაც სკოლამდელი განათლების დონე უნდა გაზარდოს,  საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადასცა.

”საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო”; ”სკოლამდელი განათლების პროგრამა”; ”სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა”; ”სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი”–აღნიშნული სახელმძღვანელოები გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა გამოსცა.

წლების მანძილზე საქართველოში არ არსებობდა საბავშვო ბაღებისთვის სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლამდელი განათლების დონის ასამაღლებლად იქნებოდა გათვალისწინებული.

ნათია ჯოხაძის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელოები, რომლებიც მომზადებულია ადგილობრივი საგნობრივი ექსპერტების, განათლების ფსიქოლოგების, პრაქტიკოსი პედაგოგებისა და სხვადასხვა დარგის (ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სხვ.) სპეციალისტების მიერ, სკოლამდელი განათლების ხარისხს აამაღლებს.

თუმცა ის სტანდარტები, რომლებსაც ეს სახელმძღვანელოები საბავშვო ბაღებს სთავაზობენ, რამდენად იქნება უახლოეს მომავალში პრაქტიკაში გამოყენებული, ჯერ უცნობია, რადგან   სკოლამდელი დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელოების  გამოყენება სავალდებულო არ იქნება და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

„თუმცა საბავშვო ბაღებში მათი გამოყენება იქნება ხედვის, ღირებულებების საქმე, რათა ჩვენი შვილები ბაღში არა მხოლოდ იკვებონ და გაერთონ, არამედ სათანადო განათლებაც მიიღონ. ბუნებრივია, ყოველთვის ყველა სიახლე გარკვეულ გამოწვევებთან არის კავშრიში. ამ სტანდარტების მიხედვით, რიგი ღონისძიებები მოითხოვს ფინანსურ დანახარჯებსაც. მოვიძიებთ დონორებს ამ მიმართულებით, თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტები იზრუნებენ ამაზე, ამ ეტაპზე ამაზე პასუხი არ გვაქვს. მთავარია, ჯერ მომზადდა სწორი საგანმანათლებლო დოკუმენტაცია, შემდეგი ეტაპი უკვე იქნება ამ ყველაფრის განხორცილება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში აღმზრდელების გადამზადებაც“.  –ამბობს ნათია ჯოხაძე.

მამუკა ქაცარავა ამბობს, რომ ძველ მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებიც საბავშვო ბაღებშია, ქალაქის მერი გიგი უგულავა ძალიან ხშირად შენიშვნას აძლევდა მერიაში საბავშვო ბაღებზე პასუხისმგებელ უწყებას.

„ამ სახელმძღვანელოებით კი საშუალება გვეძლევა, საბავშვო ბაღებში რეალური რეფორმები დავიწყოთ. მითუმეტეს, უკვე 5 წლის ბავშვები მიდიან სკოლაში, რომლებიც სულ სხვა მომზადებას საჭიროებენ.“ –განაცხადა ქაცარავამ.

იუნისეფის წარმომადგენელის საქართველოში, ბენჟამენ პერკსის თქმით–ადრეული სამსახურები და სერვისები, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე, ბავშვის მთელი შემდგომი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.

„დღეს მსოფლიოს საუკეთესო ეკონომისტები და ბიზნესის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ადრეული ინვესტირება არის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაც“.–განაცხადა იუნისეფის წარმომადგენელმა.

იმის მიუხედავად, რომ განათლების სამინისტროს უშუალო კომპეტენცია სკოლამდელი აღზრდა არ არის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინა ქურდაძის  თქმით, სამინისტროს კარგად ესმის სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, რადგან საბავშვო ბაღების შემდეგ ბავშვები სკოლაში მიდიან.

„ხუთი-ექვსი წლის ასაკში ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და სოციალური შესაძლებლობები და უნარები უკვე გარკვეულად ჩამოყალიბებულია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, სკოლამდელი ასაკის ბავშვი  სათანადოდ იყოს მომზადებული სკოლისათვის, რათა უპრობლემოდ შეძლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევა“, –აცხადებენ სამისნიტროში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი