საზოგადოება

მოსალოდნელი ცვლილებები საბავშვო ბაღებში

21 მარტი, 2011 •
მოსალოდნელი ცვლილებები საბავშვო ბაღებში

რამდენიმე თვეში შესაძლოა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს კვირაში ერთხელ მაინც ჰკითხონ, რა საკვებს ისურვებენ სადილად.

იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის  საერთო პოლიტიკური მართვის დოკუმენტი, თითოეული ბაგა–ბაღის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ მეთოდებზეა დამოკიდებული, თუ რა განათლებასა და უნარ–ჩვევებს შეიძენს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

დოკუმენტმა, რომელიც თბილისის მერიაში ამჟამად მუშავდება, თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვთა უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად უნდა დაიცვას.

აღნიშნული დოკუმენტის შესახებ მერიასთან არსებული ბაგა–ბაღებზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორი, თამარ ლორია ნეტგაზეთს გაესაუბრა:

„ერთიანი სახელმძღვანელო სტანდარტების შექმნის მიზნით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბავშვო ბაღების დირექტორებით, ილიას უნივესტიტეტის სკოლამდელი განათლების პროფესორებით, საქართველოს „პორტიჯის“ ასოციაციის, პედიატრთა ასოციაცის წარმომადგნელებით დაკომპელქტდა. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მუშაობდნენ სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის საკითხებზე და რომლებმაც შექმნეს რიგი სახელმძღვანელო დოკუმენტები. თუმცა ეს დოკუმენტები პრაქტიკაში გამოყენებული არ ყოფილა.  ამ სამუშაო ჯგუფს უნდა გადაეხედა ყველა ამ დოკუმენტისთვის, უნდა გაეზიარებინა საერთაშორისო გამოცდილება და საბავშვო ბაღებისთვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა შეემუშავებინა.

ასეთი დოკუმენტის არარსებობის დროს იქმნება რიგი პრობლემები მეთოდოლოგიაში, ასევე, მონიტორინგის დროს. მაგალითად, მონიტორინგის ჯგუფი მერიაში დღესაც არის, თუმცა არ არსებობს ისეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ უნდა გაკონტროლდეს საბავშვო ბაღი.

აღნიშნული დოკუმენტი 10 –11 თავს მოიცავს და  ჯერ დამუშავების პროცესშია. დამუშავების პროცესშია ასევე მონიტორინგის ნაწილი, სადაც დაწვრილებით გაიწერება შიდა და გარე მონიტორინგის დეტალები. ჯერჯერობით, მხოლოდ კვების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის თავები დავამუშავეთ.

მერიის 2009 წლის დადგენილებით, არსებობდა საკვები პროდუქტის სია საბავშვო ბაღებისთვის. კვების ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ ეს სია დავხვეწეთ. დავაკონკრეტეთ ბურღულეული, ამოვიღეთ ხმარებიდან რამდენიმე სახის ხილი, ძირითადად, ცისტრუსები, რაც შესაძლოა ბავშვებში ალერგიის მიზეზი გახდეს. ამოვიღეთ ტომატ–პასტა და ყველანაირი დაკონსერვებული ნაწარმი. დავამატეთ სოციალური ელემენტები–კვების დროს დამოუკიდებელი უნარ–ჩვევების ჩამოსაყალიბებლად ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება, საკვები დამოუკიდებლად გადაიღოს, მიიღოს მონაწილეობა მაგიდის გაშლაში.

გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი. კვირის განმავლობაში არ უნდა განმეორდეს ერთ და იგივე საკვები, და რაც ყველაზე მთავარია, ახალი დოკუმენტის შესაბამისად, ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, კვირაში ერთხელ მაინც დააფიქსიროს, რა საკვები უყვარს და რას ისურვებდა. ეს ბავშვის ინტერესებს წაახალისებს.

მთელი ამ დოკუმენტის ძირითადი ფუნქციაა, ორინეტირებული იყოს ბავშვის უფლებებზე. მთლიანად მოერგოს მას.

ჩვენს დოკუმენტში აქტიურად გვაქვს ჩადებული რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით დისრიმინაციის დაუშვებლობა. მაგალითად: ჩვენი დოკუმენტის პრინციპია, ბავშების ბაგა– ბაღებში მიღება და მათთან მოქცევა ხორციელდებოდეს ყოველგვარი ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და ა..შ. დისკრიმინაციის გარეშე.

რაც შეეხება მოძველებულ მიდგომებს ბავშვთა განვითარების მიმართ, ეს საკითხიც ძალიან აქტიურად გვაქვს წამოჭრილი. ბავშვის ინტერესებზე, დამოუკიდებლობაზე, უფლებებზე ორიენტირებულობა ეწინააღმდეგება ძველ მიდგომას ბავშვის სწავლებისა და განვითრების მიმართ.

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბავშვის ქცევის პოზიტიურ მართვაზე. მაგალითად: რაიმე აქტივობის აკრძავლას (თქმას, თუ რა არ უნდა გააკეთის), ჯობია უთხრათ, თუ რა უნდა გააკეთოს, უარყოფითი ქცევებზე ყურადღების გამახვილებას, ჯობია წავახალისო დადებითი ქცევები და ა.შ.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, მათი ნახვა უკვე რამდნეიმე თვეში იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისთვის დოკუმენტით  თბილისის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება უკვე იხელმძღვანელებს“,–ამბობს თამარ ლორია.

ამავე თემაზე: https://netgazeti.ge/GE/30/Life/2735/

მასალების გადაბეჭდვის წესი